"ბიბლუსი გალერეაში" ერნესტ კლაინის წიგნის "პირველი მოთამაშე, მოემზადე" პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" გამომცემლობა "პალიტრა L"–ის პროექტ "ლიბერთინსის" აქცია გაიმართა. "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში თინეიჯერი მკითხველისთვის მორიგი წიგნი, ამერიკელი მწერლის, ერნესტ კლაინის "პირველი მოთამაშე, მოემზადე" გამოიცა.

გამომცემლობა "პალიტრა L" -ის პროექტების მენეჯერის, თიკო ფეიქრიშვილის ინფორმაციით, წიგნი მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისივე თქმით, მალე ეკრანებზე ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი გამოჩნდება. "ამ წიგნის მიხედვით ცნობილი რეჟისორი, სტივენ სპილბერგი იღებს ფილმს, რომელიც 2017 წელს გამოვა", - აღნიშნა თინათინ ფეიქრიშვილმა და დასძინა, რომ გამომცემლობისთვის სასიხარულოა ქართველი თინეიჯერების აქტიური დაინტერესება წიგნით "პირველი მოთამაშე, მოემზადე".

მთარგმნელ ლევან ინასარიძის თქმით, ნაწარმოებში მოვლენები 2045 წელს ვითარდება და წიგნი მკითხველისთვის ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს. "შინაარსობრივად ეს არის პოსტაპოკალიპტური პერიოდი, 2045 წელი, როდესაც დედამიწას უკვე გავლილი აქვს აპოკალიფსური მომენტი, წიგნში გატარებული ძირითადი აზრი ასეთია: თუ ასე უყაირათოდ განვაგრძობთ ბუნებრივი წიაღისეულის მოხმარებას, არ მოვუფრთხილდებით წყალს, ჰაერს, ნავთობს, ქვანახშირს და ასე შემდეგ, გარდაუვალ კატასტროფამდე მივალთ", - აღნიშნა ლევან ინასარიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

როგორც თინეიჯერმა მკითხველმა, თორნიკე წიკლაურმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, წიგნის ქართულად თარგმნა მისთვის პოზიტიური მოვლენა იყო. "როდესაც გავიგე, რომ ამ წიგნის თარგმნა იგეგმებოდა, ძალიან დავინტერესდი. აქ არის ბიჭი, რომელიც თამაშობს ასეთ თამაშს - ოაზისს. მოქმედება მომავალში ვითარდება და წიგნმა ძალიან დამაინტერესა. ამიტომ მოვედი და შევიძინე", - აღნიშნა თორნიკე წიკლაურმა.

წიგნის პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს "ლიბერთინსის" გუნდის წევრებმა "პირველი მოთამაშე, მოემზადე" გააცნეს. მოზარდებს თავიანთი უახლოესი გეგმების შესახებ მოუთხრეს და აღნიშნეს, რომ "ლიბერთინსის" გუნდი იზრდება. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი აპლიკაციების შევსება უკვე დამთავრდა და მალე "ლიბერთინსს" ახალი წევრები შეემატება.

პრეზენტაციაზე "ბიბლუსი გალერეაში" მისულ ახალგაზრდა მკითხველს, ასევე, ტკბილეულის დაგემოვნება და საჩუქრების მოგება შეეძლო. მთავარი პრიზი "ლიბერთინსის" სასაჩუქრე ყუთი, "ლიბერსეტი" აღმოჩნდა, რომელშიც ერნესტ კლაინის "პირველი მოთამაშე, მოემზადე" და წიგნის აქსესუარები იყო მოთავსებული. წიგნი "პირველი მოთამაშე, მოემზადე" აქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდა.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერის, თიკო ფეიქრიშვილის ინფორმაციით, "ლიბერთინსის" აქციის ფარგლებში გამოცემული შემდეგი წიგნი ლორენ ოლივერის "პანდემონიუმი" იქნება, რომლის პრეზენტაციასთან დაკავშირებით "ლიბერთინსი" დიდ ღონისძიებას გამართავს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ