ისტორიულად თბილისი ყოველთვის იყო კავკასიის ცენტრი, როგორც კულტურული, ასევე საგანმანათლებლო თვალსაზრისით. მთელი რეგიონიდან სწორედ აქ, თბილისში ჩამოდიოდნენ განათლების, სამედიცინო სერვისის და უბრალოდ სიამოვნების მისაღებად. თბილისში ყოველთვის იყო საუკეთესო სკოლები, დახელოვნების ცენტრები და შესაბამისად მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, ამიტომაც საქართველო თავისი მიმზიდველობით ყოველთვის გამოირჩეოდა. არ შეიძლება ასეთი ისტორიული ტრადიციის განიავება და ჩვენი სამშობლო კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ, რაც გარდა იმიჯისა და საერთაშორისო რეიტინგისა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ძალიან მომგებიანია ქვეყნისთვის.
ხშირად საქართველოს მოქალაქეები სამკურნალოდ მიდიან საზღვარგარეთ, ეს ერთის მხრივ დიდი დისკომფორტია პაციენტისთვის, ხოლო მეორეს მხრივ დაკავშირებულია დიდ ფინანსურ დანახარჯთან. არცთუ ისე უმნიშვნელო სახელმწიფოებრივი საკითხია, ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში თანხის გადინებაც, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოდან სხვა სახელმწიფოებში. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამედიცინო ცენტი „ლანცეტი“ გახდა რეგიონალური ცენტრი და აქ მოდიან არამარტო ისინი, ვინც ფიქრობდა საზღვარგარეთ წასვლას სამკურნალოდ, არამედ ისინიც ვინც არ გახლავთ საქართველოს მოქალაქეები. დღეს ცენტრში „ლანცეტი“ სამდიცინო სერვისის მისაღებად ჩამოდიან: აზერბაიჯანის, სომხეთის, ჩრდილოეთ კავკასიის, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის და ამერიკის მოქალაქეებიც კი. თბილისს მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ გახდეს მთელი რეგიონის სამედიცინო ცენტრი.
რა თქმა უნდა, არის პრობლემებიც, განსაკუთრებით ორგანოების ტრანსპლანტაციის სფეროში. ამ დარგში სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე. მსურს მოვიყვანო მაგალითი: მთელი რიგი სამედიცინო სერვისის მისაღებად აზერბაიჯანის მოქალაქეები ჩამოდიან საქართველოში, ხოლო ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის (განსაკუთრებით ღვიძლის) კი, საქართველოს მოქალაქეები მიდიან აზერბაიჯანში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ ეს ვითარება დაუშვებელია და ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ არასახარბიელო სიტუაცია. მდგომარეობას ხელს უწყობს მოუწესრიგებელი კანონმდებლობა და არასაჭირო ბიუროკრატიული მომენტები. ყველა მიმართულებით საქართველო უახლოვდება ევროსტანდარტებს, ამის ფონზე კი გაუგებარია რატომ არ არის მცდელობა დაახლოება მოხდეს ევროპასთან ორგანოების გადანერგვის საქმეშიც. მაგალითად: ევროპაში, უმეტეს შემთხვევაში, დონორად გამოიყენება გარდაცვლილი ადამიანის ფუნქციონირებადი ორგანოები. ანუ, გარდაცვლილი ადამიანი მომაკვდავს უხანგრძლივებს სიცოცხლეს, პრაქტიკულად ჩუქნის სიცოცხლეს ადამიანებს. ასეთი ცვლილება, შეამცირებდა ცოცხალი დონორების რაოდენობას, რითაც მოხდებოდა მათი სიცოცხლის გაფრთხილებაც, შესაბამისად გაზრდიდა ოპერაციების სიხშირეს და გადაარჩენდა უამრავ ადამიანს.
მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში, სახელმწიფოს განვითარების დონის შესაფასებლად საუკეთესო საზომი მედიცინაა. წარმატებულია ქვეყანა თუ სამედიცინო ტექნოლოგიები და ინდუსტრია მოდერნიზებულია. აღიარებულია, რომ ორგანოების გადანერგვა სამედიცინო სფეროში წარმოადგენს ასეთი განვითარების პიკს. საქართველოს მედიცინაში კი, ტრანსპლანტაცია სუსტი წერტილია. ამ წერტილის გაძლიერება, სიტუაციის დადებითისკენ შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით და მხარდაჭერით.
ორგანოების გადანერგვა მთელ მსოფლიოში განეკუთვნება ურთულესი ოპერაციების კატეგორიას. წარმატებული ოპერაციების სიმრავლის შემთხვევაშიც კი, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 30 %-ს აღწევს. ასეთი სამწუხარო ფაქტი შესაძლოა დაფიქსირდეს როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ასევე ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში. თითოეული წარმატებული ოპერაცია, კი სიკვდილისთვის განწირული ადამიანის გადარჩენაა. რა რეალობა გვაქვს დღეს საქართველოში? ეპიზოდურად ჩამოდიან მოწვეული უცხოელი სპეციალისტები აკეთებენ ოპერაციებს და ოპერაციის დასრულებისთანავე მიემგზავრებიან. მიემგზავრებიან მაშინ, როდესაც პაციენტს ყველაზე მეტად ესაჭიროებათ იმ ქირურგის მეთვალყურეობა, რომელმაც გაუკეთა გადანერგვის ურთულესი ოპერაცია. ასეთი მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია.
სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ C ან B ჰეპატიტს ხშირ შემთხვევაში მივყავართ ღვიძლის ციროზამდე, ასეა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი, საქართველოში. მოსახლეობის დაახლოებით 20 % იტანჯება C ან B ჰეპატიტით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ვიმოქმედოთ მიზანმიმართულად, მეთოდურად და რადიკალურად, ამიტომაც მოვიწვიეთ ტრანსპლანტოლოგების სოლიდური გუნდი. თურქული მსოფლიოში ავტორიტეტული უნივერსიტეტის „ეგეი“ წარმომადგენლები. ტრანსპლანტოლოგების გუნდი შედგება ექიმებისგან, რომელთაც გავლილი აქვთ იაპონური, კორეული და ინგლისური სკოლა. ქირურგთა ეს შემადგენლობა ყალიბდებოდა და პროფესიულად ვითარდებოდა 20 წლის განმავლობაში, ჩვენ კი, ყოველგვარი ლოდინის გარეშე მივიღეთ უკვე წარმატებული და მსოფლიოში აღიარებული გუნდი. სამედიცინო ცენტრში „ლანცეტი“ გაიხსნა ტრანსპლანტაციის დეპარტამენტი და უკვე ჩატარდა ღვიძლის გადანერგვის ერთი წარმატებული ოპერაცია. ოპერაციის შემდეგაც ექიმები რჩებიან ადგილზე და პაციენტს მეთვალყურეობას უწევენ პირადად, რასაც ჩვენ დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ.
დიდ ყურადღებას ვაქცევთ ახალგაზრდა და პერსპექტიულ ექიმებს, რომელთაც პროფესიული დახელოვნებისთვის უწევდათ საზღვარგარეთ წასვლა. მათ საშუალებას ვაძლევთ გაიარონ რეზიდენტურა ტრანსპლანტოლოგიის დარგში აქ, ადგილზე, რის საფუძველზეც შევქმნით კიდევაც ქართულ სკოლას. საქართველო უნდა მიდიოდეს განვითარების გზით, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ საინტერესო და მიმზიდველი სახელმწიფო ინვესტორებისთვის.
პროფესორი ფარმან ჯეირანლი
(R)