ყატარის პრინცესა აჭარაში სასტუმრო ბიზნესით დაინტერესდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ყატარის პრინცესას, შეიჰა ბინთ ჰამად ალთჰანის შეხვდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის მთავრობიდან აცნობეს, შეიხა აჭარაში მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების ფესტივალის საპატიო სტუმრის რანგში ჩამოვიდა.

მათივე განმარტებით, შეხვედრისას არჩილ ხაბაძე სტუმარს რეგიონის კულტურულ, ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა.

”შეიჰა ალთჰანი აჭარაში სასტუმრო ბიზნესით დაინტერესდა და სამომავლოდ ამ კუთხით ინვესტიციის განხორციელების სურვილი გამოთქვა. ასევე რეგიონის მთავრობას შესთავაზა, 2018 წლის ბავშვთა მსოფლიო საფეხბურთო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება, ამისთვის კი, მომავალ წელს რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები მონაკოში მიიწვია, სადაც შეიჰა ალთჰანის პატრონაჟით ტრადიციული ყოველწლიური ჩემპიონატი იმართება.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იმართება სპეციალური კენჭისყრა, რის შემდეგაც შეირჩევა მომდევნო საჩემპიონატო ქალაქი, რომელიც შესაძლოა ბათუმი გახდეს. ჩემპიონატის დროს ხდება მოზარდების შერჩევაც, რომლებიც მსოფლიოს ცნობილი საფეხბურთო კლუბების სპორტულ სკოლებში გაიგზავნებიან უფასოდ სასწავლებლად.

შეიჰა ბინთ ჰამად ალთჰანი არის გაეროს მშვიდობის ელჩი და მისი მისიაა სხვადასხვა ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების ჩართულობა სპორტულ სახეობებში.

შეიჰას ვიზიტს საქართველოში და ბათუმში აშუქებს არაბულ სამყაროში ყველაზე გავლენიანი მედია საშუალება ,,ალ-ჯაზირა’’ , რომელიც თან ახლავს პრინცესას.

ვიზიტის შემდეგ რამდენიმე მილიონ მაყურებელს ექნება შესაძლებლობა გაიგოს ბათუმის შესახებ, რაც გაზრდის აჭარის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი რეგიონის ცნობადობის დონეს და დაინტერესებას არაბულ ქვეყნებში”, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება