ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული ნანა ექვთიმიშვილი გახდა

ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული რომანის, „მსხლების მინდორი“ ავტორი ნანა ექვთიმიშვილი გახდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დღეს ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული, 2014-2015 წლებში გამოქვეყნებული საუკეთესო ქართული რომანის ავტორი გამოვლინდა. კონკურსის გამარჯვებული საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიით, 10 000 ლარით დაჯილდოვდა.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგი ზედანიამ გამარჯვებულ მწერალს, ნანა ექვთიმიშვილს გამარჯვება მიულოცა. ზედანიამ განაცხადა, რომ ილიაუნის ჯილდო გადაეცემა ავტორს ადამიანთა მარგინალიზაციის გაბედული აღწერისთვის, ძალადობის ფსიქოსოციალური და ფიზიკური ასპექტების წარმოჩენისთვის, ექსპრესიული თხრობისა და სიუჟეტურ-კომპოზიციური მთლიანობისათვის, ქალთა ხმის რეპრეზენტაციისათვის ლიტერატურაში.

ღონისძიებაზე ასევე დასახელდა ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის ჟიურის სპეციალური პრიზის ავტორი. უნივერსიტეტის პროფესორმა ბელა წიფურიამ ჟიურის სპეციალური პრიზი ყველაზე ახალგაზრდა და ნიჭიერ მწერალს, ბექა ადამაშვილს რომანისთვის „ბესტსელერი” გადასცა. ბელა წიფურიამ პრიზის გადაცემის დროს განაცხადა, რომ ჟიურის სპეციალური პრიზით ბექა ადამაშვილი შოტლანდიაში 27 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაემგზავრება და იქ „მერფი რაითინგის“ სკოლაში სპეციალურ სწავლებას გაივლის. მისივე თქმით, ეს პროექტი შოტლანდიაში ამერიკის სკოკტონის უნივერსიტეტის მეშვეობით არსებობს.

„ამ კონკურსის მიზანია დასავლური ტიპის რომანის განვითარება საქართველოში. კონკურსი 9 წელია, რაც იმართება. რამდენიმე ათეული რომანიდან ჩვენ შევეცადეთ აგვერჩია საუკეთესო. ჟიური შედგება უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისგან. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა გამოერჩიათ ამ წლის საუკეთესო რომანი. სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მწერალი, რომელიც ერთხელ აიღებს ამ პრიზს, კონკურსში მეორედ ვეღარ გაიმარჯვებს, ასე რომ, სხვა მწერლებს უფრო მეტი შანსი აქვთ შემდეგ“, -განაცხადა ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

თავის მხრივ კონკურსში გამარჯვებულმა მწერალმა ნანა ექვთიმიშვილმა განაცხადა, რომ ეს გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო. „ამგვარი მოლოდინი არ მქონია. ნამდვილად მოულოდნელია და ძალიან სასიხარულო. მით უფრო, რომ ეს არის უნივერსიტეტის პრიზი. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს”, - განაცხადა ნანა ექვთიმიშვილმა.

მისივე თქმით, რომანი „მსხლების მინდორი“ 2015 წელს მაისში გამოიცა და იგი თბილისში არსებულ ერთ-ერთ ინტერნატში მცხოვრებ 18 წლის გოგონას ცხოვრებას ეხება.

ილიაუნის ლიტერატურულ კონკურსზე წელს 24 ქართული რომანი იყო წარდგენილი. 2014 წლამდე პრემია 5 ნომინაციაზე გაიცა. კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ აკა მორჩილაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზაზა ბურჭულაძე, ჯაბა ზარქუა. 2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პრემია გადაცემულიყო უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის და დაჯილდოვდა ზაზა ჭილაძე უილიამ ფოლკნერის რომანის „დროშები მტვერში“ თარგმანისათვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა