რადას ვიცე-სპიკერი - დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო, უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების პროცესი შესაძლოა გადაიდოს

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების გამო, უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების პროცესი შესაძლოა გადაიდოს, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი ირინა გერაშენკო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„რეფერენდუმის შედეგებს ნეგატიური პერსპექტივები ექნება უკრაინისთვისაც. ევროკავშირი რთულად უმკლავდება მიგრაციულ კრისსს, ევროპას ევროსკეპტიციზმის ტალღამ გადაუარა, იქ იზრდება რადიკალური და პოპულისტური პარტიების მხარდაჭერა. შესაძლებელია, რომ ამის გამო უვიზო რეჟიმი გადაიდოს? სამწუხაროდ, პასუხი დადებითია“, - წერს გერაშენკო.

მისი თქმით, ევროკავშირში შიგნით არსებული პრობლემების გამო, ევროპელი ლიდერები ყურადღებას ამახვილებენ შიდა სიტუაციაზე და „თვალს ხუჭავენ“ ევროკავშირის საზღვრებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე.

ირინა გერაშენკო წერს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღების გზაზე უკრაინამ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს.

„გზას განვაგრძობთ და მოვითხოვთ ევროკავშირისგან, უვიზო რეჟიმის თაობაზე ვალდებულებები შეასრულოს, ველოდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას, ვიბრძვით ჩვენი ევროატლანტიკური პერსპექტივისთვის, რადგან ყველაფრის მიუხედავად, უკრაინისთვის სხვა ვექტორი არ არსებობს“, - წერს უკრაინის უმაღლესი რადას ვიცე-სპიკერი.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს