თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს ნაფიც მსაჯულთა ხუთი იმიტირებული სასამართლო პროცესი იმართება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, ნაფიც მსაჯულთა ხუთი იმიტირებული სასამართლო პროცესი პარალელურ რეჟიმში „ამერიკის იურისტთა ასოციაცია კანონის უზენაესობის ინიციატივა“ (ABA ROLI) საქართველოს წარმომადგენლობისა და “ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის“ (DOJ) ინიციატივითა, ასევე „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს“ მხარდაჭერით იმართება.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, იმიტირებულ სხდომებში ხუთი მოქმედი მოსამართლე, პროკურორები, ადვოკატები და 80-მდე სტუდენტი მონაწილეობს.
„ნაფიცი მსაჯულები გამამართლებელ ან გამამტყუნებელ ვერდიქტს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის სს საქმეზე მიიღებენ. პროექტის მიზანია, როგორც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაცია, ასევე პროცესში მონაწილე მხარეებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და ამ მიმართულებით გამოცდილების შეძენა“, - განაცხადეს სასამართლოში.