სამგორის რაიონში, ნაკადულის ქუჩა 2ა-თან, სადაც დევნილთა ჩასახლების კორპუსებია, 10 დღეა წყლის მილის გახეთქვის შედეგად ტონობით სასმელი წყალი იღვრება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნაკადულის ქუჩა 2ა-ს მცხოვრებლებმა განუცხადეს.
როგორც დევნილები აცხადებენ, მათი კორპუსის მიმდებარედ სასმელი წყლის მილიდან წყალმა გაჟონვა 4 თვის წინ დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში მათ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე არაერთხელ დარეკეს, თუმცა უშედეგოდ. ბოლო 10 დღის განმავლობაში კი სასმელი წყლის მილი გასკდა და წყალი კორპუსის ტერიტორიაზე ამ დროისთვისაც დიდი ნაკადით მიედინება.
„10 დღის წინ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზზე დავრეკეთ და გვითხრეს, რომ გამსკდარი მილის გვერდით მდებარე ხის ფიცრული შენობა უნდა აგვეღო. ტერიტორიაზე სამუშაოებს მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებდნენ. ჩვენ ტერიტორია მოვასუფთავეთ, თუმცა 10 დღის განმავლობაში კომპანიის ცხელ ხაზზე ყოველდღიურად დარეკვის მიუხედავად პრობლემის მოსაგვარებლად არავინ არ მოსულა. დღეს დილით ისევ დავრეკეთ და კომპანიიდან ადგილზე მოსულმა ბრიგადამ გვითხრა, რომ სხვა ბრიგადას გამოუძახებდნენ, რის შემდეგაც სამუშაოებს ერთ საათში დაიწყებდნენ. ამის შემდეგ წავიდნენ და აქ არავინ აღარ გამოჩენილა. კორპუსის წინ ბაღები მთლიანად დაიტბორა და წლის დონემ მკვეთრად მოიმატა“, - განცხადეს ნაკადულის ქუჩა2ა-ს მცხოვრებლებმა.