საქართველომ და პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელმა სახელმწიფომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს

ავსტრალიაში საქართველოს ელჩმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და ავსტრალიაში პაპუა-ახალი გვინეის ელჩმა ჩარლზ ლეპანიმ, 4 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

„ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, მხარეები ეყრდნობიან რა გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და მიზნებს, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოეწერა ავსტრალიაში პაპუა ახალი გვინეის საელჩოში, პაპუა ახალი გვინეის საგარეო საქმეთა მინისტრის, რიმბინკ პატოს გარემოცვაში.

მხარეებმა ოქმის ხელმოწერით ხაზი გაუსვეს სურვილს და მზადყოფნას, განავითარონ კეთილმეგობრული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და წესების სრული დაცვის საფუძველზე.

მათივე ინფორმაციით, პაპუა ახალი გვინეა 188-ე ქვეყანაა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, როგორც საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის, ასევე უკეთესი საერთაშორისო თანამეგობრობის ფორმირებაში წვლილის შეტანის მიზნით.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს