კინოთეატრებში მალე აჭარის ველურ ბუნებაში მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ გამოჩნდება.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ფილმი-ზღაპარი ადამიანისა და ცხოველების თანაცხოვრების შესახებაა გადაღებული. მისი მთავარია გმირია ფუტკარი, საიდანაც ვითარდება მთელი სიუჟეტური ხაზი და აჭარის ეკოტურისტულ სიმდიდრეს წარმოაჩენს.
მათივე ინფორმაციით, ფილმის გადაღებები აჭარაში ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელწოდება „ჯარა“ ტრადიციულ ქართულ სკას ნიშნავს, რომელშიც ფუტკრის მოშინაურება ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. ამ ეტაპზე სტუდია „Eco films” უკვე ფილმის მონტაჟზე მუშაობს და ფილმის პრემიერა დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
„ასეთი მაშტაბური ფილმი, ოთხი სეზონის გადაღებით, რამდენიმე სიუჟეტური ხაზით, ამდენი ადამიანის, ცხოველისა თუ ფრინველის შესახებ აქამდე არათუ ჩვენ არ გადაგვიღია, არამედ საქართველოში საერთოდ არ გადაღებულა. მიზანიც არ გვაქვს მარტივი, გვინდა ვაჩვენოთ, რეალური მოვლენები, ადამიანებისა და ველური ბუნების, ცხოველების თანარსებობა, მათი გავლენა ერთმანეთზე, ზემოქმედება და ამ ზემოქმედების შედეგები”, - განაცხადა ფილმის რეჟისორმა და სტუდია “Eco films” დამფუძნებელმა ნიკა წიკლაურმა.
ფილმში გადმოცემულია აჭარაში მეფუტკრეობის, ბაზიერობისა და სხვა უძველესი ტრადიციების თანაარსებობა თანამედროვე წეს-ჩვეულებებთან ერთად. მასში კარგად ჩანს იმ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება, რომლებიც აჭარის მიუვალ ხეობებში ველურ ბუნებასთან თანაცხოვრობენ. აჭარის ეკოტურისტული პოტენციალი თავისი სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით ფილმში ასევე კარგადაა წარმოჩენილი.
„ფილმი ნამდვილი აღმოჩენაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მოგზაურობა და სიახლეები აინტერესებთ. მასში კარგად ჩანს ის ეკოტურისტული სიმდიდრე, რაც აჭარას გააჩნია და რითიც შეიძლება მოვიზიდოთ ველურ ბუნებაში მოგზაურობის მსურველები. რეგიონს ოთხი მხოლოდ ეროვნული პარკი გააჩნია, რასაც ემატება მაღალმთიანი აჭარის ბიომრავალფეროვნებაც. მსგავსი ფილმები კი ხელს უწყობს ამ ყველაფრის წარმოჩენასა და პოპულარიზაციას”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.