არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს. „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ქართული ენის კურსის გავლის შედეგად დაადასტურეს ქართული ენის ფლობა A2 დონეზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ტრენინგ-მოდული „სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება“ ქართულ ენაზე ჩაუტარდათ.
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამიზნე ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით და ტრენინგის ეფექტურად ჩატარების მიზნით, ტრენინგის პროცესში, ფასილიტატორის სტატუსით, ზემოაღნიშნული პროგრამის ორენოვანი, დამხმარე მასწავლებლები ჩაერთვნენ. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მასწავლებლები პროგრამისთვის კონკურსის წესით არიან შერჩეული და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გავლილი აქვთ „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“.
ამ ეტაპზე, "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის" ფარგლებში, 23 ფასილიტატორი გადამზადდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც მოიცავს გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს: "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" (2009-2015წწ) და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" (2011-2015წწ). პროგრამის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით.