ფონდმა ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” პროექტი "მიუსაფარი ბავშვების საგზაო უსაფრთხოება საქართველოს გზებზე” დაიწყო

ფონდმა ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” პროექტი "მიუსაფარი ბავშვების საგზაო უსაფრთხოება საქართველოს გზებზე”დაიწყო.

როგორც ფონდის დირექტორმა ირაკლი იზორიამ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ”საქართველოს კარიტასის” წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტი დაახლოებით ერთი თვეა დაიწყო და ახლა კვლევის ეტაპზეა.

მისი განცხადებით, პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

”ფონდი ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” მუშაობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე. 2017 წელი ავირჩიეთ ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების კუთხით სამუშაოდ. პროექტი "მიუსაფარი ბავშვების საგზაო უსაფრთხოება საქართველოს გზებზე” ხორციელდება გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და ”საქართველოს კარიტასთან” პარტნიორობით. პროექტის დამფინანსებელია ”ბრიტანული ინსტი”, რომელიც ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებაზე გლობალურად ზრუნავს. პროექტი დაახლოებით ერთი თვეა დავიწყეთ, ის ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს, პირველია კვლევის ეტაპი. გვინდოდა გაგვეგო ეს ბავშვები რა ლოკაციებზე გადაადგილდებიან, სად აღინიშნება მიუსაფარი ბავშვების ინტენსივობა საქართველოს გზებზე, ასევე გაგვეგო სტატისტიკური მონაცემები. სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რამდენი მოუსაფარი ბავშვი დაშავდა და დაზიანდა. ეს ბავშვები წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს ქუჩებში გადაადგილების დროს. უკვე რამდემიმე კვირაა დავიწყეთ ამ ბავშვებთან მუშაობა და სპეციალური ტესტები შევადგინეთ, გავიგეთ რამდენად ესმით მათ ქუჩაში გადაადგილების წესები. სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ რომ მიუხედავად მიწოდებული მასალისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ სპეციალური ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება”, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.

მისივე თქმით, კვლევის ეტაპის დასრულების შემდგომ მომზადდება სპეციალური სასწავლო მასალები. როგორც იზორიამ აღნიშნა, კვლევის საბოლოო შედეგი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ყველაზე სარისკო ადგილებად რუსთაველის გამზირი, შუქნიშნები და ცენტრალური კვეთის ადგილები ითვლება.

”კვლევის ეტაპის დასრულების შემდგომ მოვამზადებთ სპეციალურ სასწავლო მასალებს საინფორმაციო მასალებს. ესტონეთიდან უნდა ჩამოვიტანოთ ამრეკლი საშუალება, სამკლაურები დაუმაგრდებათ ბავშვებს, რათა მძღოლისთვის ღამის და საღამოს საათებში 300 მეტრიდან ხილულები იყვნენ. ერთი თვის შემდეგ დაიწყება საინფორმაციო შეხვედრები, ბავშვთა განათლებაზე ზრუნვა, ტრენინგები. დაახლოებით 6 თვის შემდეგ შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო სექტორი. სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება, რომ ამ ბავშვების ადვოკატირების კამპანია დავიწყოთ, რათა მათ მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება გზებზე”, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის, ნათია კორკოტაძის თქმით, ”სოციალური მომსახურების სააგენტოსა” და ფონდ ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, დღის ცენტრებში მყოფი არასრულწლოვნების ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას საგზაო უსაფრთხოების კუთხით.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით 711 მიუსაფარი ბავშვია.

როგორც ”საქართველოს კარიტასის” წარმომადგენელმა, ირინა აბულაძემ აღნიშნა, მხოლოდ პროექტი არ არის საკმარისი, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს, საჭიროა პოლიციის ჩართულობაც.

”ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი დაიწყო. აბსოლუტურად უკონტროლოდ დადიან ეს ბავშვები. შუქნიშნებთან მოწყალებას ითხოვენ და ეს ძალიან ბევრ რისკს შეიცავს. ველოდებით, რომ რაღაც შედეგს გამოიტანს და ავარიდებთ ბავშვებს საფრთხეს, თუმცა, მხოლოდ ეს პროექტი არაა საკმარისი. აქ უნდა იყოს ჩართული პოლიცია, ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც არასრულწლოვანი გადადის და გადმოდის გზაზე, გვერდით დგას პოლიციელი და არანაირი რეაგირება ამას არ მოყვება”, - განაცხადა ირინა აბულაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე