საერთაშორისო მუსიკალური რადიოსადგურის, NRJ-ის ქართული წარმომადგენლობის სახელით მედიისთვის პრეს-ლანჩი გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ორგანიზატორებმა აცნობეს. პრეს ლანჩი დღეს, 12:00 საათზე დაიწყება და 13:30 საათამდე გაგრძელდება.
„რადიო NRJ-ის თბილისის სტუდია დოლიძის ქ. #2-ში „რადიო კაფეში“ მდებარეობს, სადაც ერთ სივრცეში განთავსებულია რადიო და კაფე, რომლის სტუმრებს საშუალება ექნებათ გამჭვირვალე სტუდიაში თვალი ადევნონ რადიოს წამყვანების მუშაობას და დაესწრონ რადიო შოუებს პირდაპირ ეთერში.
რადიო NRJ-ის მოსმენა შესაძლებელი იქნება ტალღაზე FM 104.7 დედაქალაქში, თბილისის შემოგარენსა და გუდაურში.
რადიო NRJ თავის სეგმენტში (მუსიკა: უახლესი ჰიტები, აუდიტორია: 20-40), ყველაზე პოპულარული რადიოსადგურია საფრანგეთში, რომელიც მსოფლიოს 14 ქვეყანაში მაუწყებლობს და ყველგან ლიდერობს რეიტინგებში.
რადიო NRJ-ის მსმენელთა აუდიტორია ყოველდღიურად 14 მილიონს შეადგენს და მოიცავს შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ბელგია, შვეიცარია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, რუსეთი, ბულგარეთი, ლიბანი, მაროკო და ახლა უკვე – საქართველო!
რადიო NRJ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ყოფილი მოცეკვავე თეა დარჩიაა, რომელიც ასევე წაიყვანს საავტორო გადაცემას ღამის ეთერში“, - აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში.