დავით რაქვიაშვილი - რაც მავთულხლართებს იქით ხდება, ცალკე უბედურებაა, ფაქტობრივად, მთელი ტერიტორია გადაქცეულია ერთ გარნიზონად

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო.

რაქვიაშვილი სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ დავით ვანიშვილს ესაუბრა და მის პრობლემებზე ინფორმაცია მოისმინა. რაქვიაშვილის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია.

”ეს არის პირველ რიგში ისტორიული უსამართლობა, ეს არის იმ სახელმწიფოს სახე, რომელიც აცხადებს პრეტენზიას, რომ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება უნდა. ეს არის რუსეთის ფედერაციის სახე - მავთულხლართები. ეს ისტორიული უსამართლობა აუცილებლად დამთავრდება. ამას არ შეეგუება საქართველოს არც ერთი ხელისუფლება და არც ერთი მოქალაქე. თუმცა, რაც ამ მავთულხლართებს იქით ხდება, ეს ცალკე უბედურებაა. ფაქტობრივად, მთელი ტერიტორია გადაქცეულია ერთ გარნიზონად, რომელსაც რუსეთი სთავაზობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას. ეს ტერიტორია გადაქცეულია ერთ დიდ საჯარისო ფორმირებად. ფედერაციას მეტი არაფერი უნდა, რომ არა შექმნას უსაფრთხოების კრიზისი, არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეები, ფაქტობრივად, აღარ სახლობენ. მშვიდობიანი მოსახლეობისგან ეს რეგიონი მთლიანად დაიცალა და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია მთლიანად საჯარისო გარნიზონს წარმოადგენს”, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

დავით რაქვიაშვილი ცოტა ხანში შინდისში ჩავა, სადაც შინდისის გმირების მემორიალს პატივს მიაგებს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს