შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, თბილისში ახალი სასაწყობე შენობა - ანგარი გახსნა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შენობა 981 კვ.მ ფართზეა განთავსებული და სრულად აკმაყოფილებს ტვირთის მიღებისა და დასაწყობების თანამედროვე სტანდარტებს.
„მერაბ მალანიამ და ზვიად ქაწაშვილმა თბილისის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის სახანძრო სამსახურის მიერ საჩუქრად გამოგზავნილი სახანძრო მანქანები და აღჭურვილობა გადასცეს. მეხანძრე–მაშველებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე, ყოველდღიური ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ. გასულ წელს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ სასაწყობე შენობა ქუთაისშიც გახსნა, რომელიც დასავლეთ საქართველოში არსებულ ყველა დანაყოფს ამარაგებს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.