ა(ა)იპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“, ბრენდული სახელწოდება „PKTV“ საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევის გამო წერილობით გაფრთხილდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, ”PKTV“ შესაბამისი ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე გადაცემული მხატვრული ფილმების გამო წერილობით იქნა გაფრთხილებული.
როგორც კომისიაში აცხადებენ, 2016 წლის 23 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ტელეკომპანია საკუთარ სამაუწყებლო ბადეში კომისიაში შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის გარეშე ანთავსებდა არასახელმწიფო ენაზე დუბლირებულ დასავლური წარმოების შემდეგ მხატვრულ ფილმებს: „პატარა ვერა“, „გენერლის ქალიშვილი“, “ეშმაკის ორეული“, “ჯადოქარი“, „ნაღმების საძმო“, „ბურატინო“, „ფატიმა და ზუხრა“, „ქალთა ციხე“ და სერაილს: „ველური გული“.
”კომპანიამ კომისიის მოთხოვნის საფუძველზე ვერ შეძლო აღნიშნული სამაუწყებლო პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე მართლზომიერი ჩვენების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რის გამოც, კომისიამ მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ ,,ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის“ ბერნის კონვენცია, „ისმო“ საავტორო უფლებების შესახებ ხელშეკრულება, ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ და ”მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები დააღვია”, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.