დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ის ვებ-გვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ვებ-გვერდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც დვალისა და აქიმიძის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის მათ ეკუთვნოდათ და „ქველმოქმედებას წყვეტენ“.

„ჩვენ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ვაცხადებთ, რომ დომენი rustavi2.com დღიდან მისი რეგისტრაციისა ყოველთვის ჩვენ გვეკუთვნოდა და ასეა დღესაც.

2004 წელს, როცა „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ იძულებით დაგვათმობინა ჩვენი კუთვნილი 60% წილი რუსთავი 2-ში, სიჩქარეში არც გახსენებიათ რომ დომენი rustavi2.com ცალკე საკუთრებას წაროადგენდა და ასე განაგრძეს ჩვენი კუთვნილი ინტერნეტ რესურსით სარგებლობა. არც იმით დაინტერესებულან, თუ ვინ ფარავდა მთელი 13 წლის განმავლობაში რესურსით სარგებლობის თანხებს. დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ქველმოქმედებას და შევეცდებით ოდნავ მაინც დავაბალანსოთ პროპაგანდის და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადი, რომელიც ჩვენთვის წართმეული ტელევიზიიდან მოედინება.

ჩვენს საიტზე დაიდება და თავს მოიყრის ბევრი ნაცნობი თუ უცნობი მასალა, რათა საზოგადოებამ სრული ინფორმაცია მიიღოს „რუსთავი 2“-ის საქმეზე“, - ნათქვამია დვალისა და აქიმიძის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ განცხადებას ავრცელებს მეორე მხარე. "რუსთავი 2"-ის ვებგვერდი შეფერხებებით მუშაობს. ცოტა ხნის წინ, პოსტსკრიპტუმის დაწყებამდე, არხის ყოფილმა მფლობელმა, დავით დვალმა, რომლის მეგობრის სახელზეც იყო თავის დროზე რეგისტრირებული მისამართი rustavi2.com, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გათიშა ტელევიზიის ონლაინ-პლატფორმა, რითაც 10 ათასობით ადამიანი, ვინც რუსთავი 2-ის გადაცემებს ინტერნეტის საშუალებით უყურებდა, ინფორმაციის გარეშე დატოვა.

ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და რუსთავი 2-ის ოფიციალური ვებგვერდი მთლიანად განთავსდება მისამართზე rustavi2.ge.", - ნათქვამია განცხადებაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს