კამპანია „ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში 300-ზე მეტი მოქალაქის სარჩელს შეიტანს

კამპანია „ეს შენ გეხებამ“ ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებულ კანონზე მოქალაქეთა მიერ ელექტრონული სარჩელების მიღება დაასრულა. სარჩელთა მიღება 18:00 საათზე შეწყდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კამპანიაში შემავალი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ჩიტაძემ განუცხადა, ელექტრონული სარჩელი 300-ზე მეტმა მოქალაქემ შეავსო.

მისივე განცხადებით, აღნიშნული სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში მომავალ კვირას გაიგზავნება.

„დღეს ჩვენ დავასრულეთ აქცია, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობდა. ყველა ადამიანს შეეძლო მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და გაესაჩივრებინა ის კანონი, რომელიც უკანონო მოსმენა-მიყურადებას ეხება. ჩვენ გვაქვს 300-ზე მეტი განაცხადი და ტექნიკურად ვუზრუნველყოფთ, რომ ის გადაიგზავნოს სასამართლოში. მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, მათ შორის პრეზიდენტს, გამოიყენონ თავიანთი უფლება და გაასაჩივრონ აღნიშნული კანონი, რადგან ის ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთი წლის წინ გამოტანილ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი ჩიტაძემ.

კამპანიაში შემავალი ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ უკვე მიმართა. ასევე პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გასაჩივრებას აპირებს სახალხო დამცველიც.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს