საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიზანიც კანონით განსაზღვრული ვადების გაუქმებაა.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, მეწარმეებს და კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანების გადავადების ან ვალის პატიებისათვის ფინანსთა სამინისტროსათვის 2017 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მიემართათ, ეს ვადა გაუქმდა და მათ ნებისმიერ დროს ექნებათ საშუალება მიმართონ შესაბამის უწყებებს.
„ეს საშუალებას მისცემს საწარმოებს შეზღუდული ვადების გარეშე მიმართონ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ან სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარებისა და ჩამოწერის, პატიების, მესამე პირისათვის გადაკისრების მოთხოვნით“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი განმარტებით, დაინტერესებულ პირებს დამატებითი და დეტალური ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
დღესვე პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სამხედრო მოსამსახურეების სტატუსის“ შესახებ კანონს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაწეული სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის დაწესდა დასვენების დღეები საწყისი საბრძოლო მომზადების პერიოდში არანაკლებ სამი შაბათ - კვირა, ხოლო საწყისი სამხედრო სამსახურის ვადის ამოწურვამდე, ყოველკვირეულად ორი დღე - შაბათი და კვირა.