განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო, მართვის აკადემიის პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩაყენებას გამორიცხავს.
როგორც ჯეჯელავამ მართვის აკადემიის მიერ 300 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო დაკვეთის მიღებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აკადემიას 2011 წლიდან აქვს მსგავსი დაკვეთები.
"2011 წლიდან, როცა ჩამოყალიბდა მართვის აკადემია, მას მე ვხელმძღვანელობდი და ჰქონდა სახელმწიფო დაკვეთები. ეს დაკვეთები ჰქონდა ყველა წელს და ახლაც გრძელდება ეს პროცესი. გამორიცხულია აკადემიის პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩაყენება ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. შეადარეთ წლევანდელი დაკვეთის ოდენობა შარშანდელს, შარშანწინდელს და დაინახავთ ნათლად, რომ იგივე პროცესი გრძელდება, რაც ადრე მიმდინარეობდა", - განაცხადა ჯეჯელავამ.
განათლების მინისტრის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსა და ტექნოპარკის შემთხვევაში თავიდანვე პირდაპირი შესყიდვის წესი მოქმედებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მართვის აკადემიამ, რომელსაც განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მეუღლე ხელმძღვანელობს, სახელმწიფოსგან 300 ათასი ლარის ოდენობის დაკვეთა მიიღო.