დემურ სტურუას ბიცოლის, დარიკო ჯაშის განცხადებით, გარდაცვლილის დედას, ნონა ჯოჯუას ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ოჯახის წევრებმა ფული გადაუხადეს და სწორედ ამიტომ გაამართლა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გოდერძი თევზაძე.
როგორც დარიკო ჯაშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დემურ სტურუას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმე ჯერჯერობით არ დასრულებულა და საქმის მიმდინარეობა შეიძლება სტრასბურგშიც გაგრძელდეს.
,,ნონა ჯოჯუამ და დემურ სტურუას ძმამ ფული აიღეს და სწორედ ამიტომ გაამართლეს დემურის მკვლელი დღეს სასამართლოზე. ალბათ მიცვალებული გადატრიალდებოდა კუბოში ეს ამბავი რომ მოხდა. არავის ვაპატიებ ამას და აუცილებლად, თუკი საჭირო იქნება, სტრასბურგში გავასაჩივრებ“, - განცახდა დარიკო ჯაშმა.
დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სამტრედიაში სოფელ დაფნარში მცხოვრებმა დემურ სტურუამ გასული წლის აგვისტოში სისცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს ზეწოლაში ადანაშაულებდა.