ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2017

რატომ და ვინ სწირავს ფულს "ქართულ ოცნებას"

კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებამდე უნდა დაელოდოს თუ არა "ოცნება" ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას?

ლარზე სპეკულაციური შეტევა მზადდება?!

* * *

რატომ და ვინ სწირავს ფულს "ქართულ ოცნებას"

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ პარტიათა აგვისტოს შემოწირულობები გამოაქვეყნა, სადაც ქართული წინასაარჩევნო ტრადიციისამებრ საკმაოდ შთამბეჭდავად, 4,5 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულებებით მმართველი ძალა, "ქართული ოცნება" ლიდერობს და მის დამფინანსებლებს შორისაა ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ადრინდელ მმართველ ძალას, "ნაციონალებს" სწირავდნენ დიდი ოდენობით თანხას და ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც გულუხვი, ხუთნიშნა შემოწირულობების სანაცვლოდ სულ მალე "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრთა რიგებშიც აღმოჩნდებიან. აგვისტოში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 4, 9 მილიონ ლარამდე შეადგინა და მთლიანი შემოწირულებების 94% "ქართულ ოცნებას" აღმოაჩნდა, ხოლო დანარჩენი ყველა პარტია შემოწირულობების მხოლოდ 6%-ს ინაწილებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რატომ და ვინ სწირავს ფულს "ქართულ ოცნებას" / ყველაზე მდიდარი პარტია ტრადიციულად მმართველი ძალაა.

"მეორე ადგილზეა "ევროპული საქართველო", - 287 440 ლარით, მესამე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი - 9 770 ლარის შემოწირულებით. აგვისტოში 7 000 ლარი მიიღო "ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩი", ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" მიღებული აქვს - 5 330 ლარი. ყველაზე მიზერული შემოწირულება აქვს "რესპუბლიკურ პარტიას", - 20 ლარი. საგულისხმოა, რომ თუკი 2013 წლამდე ყველა ბიზნესმენსა თუ რიგით მოქალაქეს "ნაციონალური მოძრაობის" ფინანსური მხარდაჭერის სურვილი ჰკლავდა, ბოლო წლებია თითქმის იგივე აუდიტორია "ოცნების" დაფინანსებაზე გადაერთო, "ნაციონალური მოძრაობა" კი, დაფინანსების რაოდენობით, სამეულშიც ვერ ხვდება. "ქართულმა ოცნებამ" აგვისტოში ყველაზე გულუხვი შემოწირულობა - კომპანიებისათვის მაქსიმალური ზღვარი 120 000 ლარი - ფარმაცევტული კომპანია "ჯი ემ პი"-სგან მიიღო, რომლის გენერალური დირექტორი გიორგი ანთაძეა. ასევე 110 000 ლარიანი შემომწირველია შპს "პ და ლ", 100 000-ლარი შესწირა შპს "ზღვის პროდუქტებმა" და შპს "ეიჩე რენტალმა". ფიზიკური პირებიდან კი მაქსიმალური ზღვარი 60 ათასი ლარი 32-მა მოქალაქემ შესწირა. მინიმალური თანხა, რომელიც "ოცნებას" მოქალაქეებისგან შემოწირულების სახით აქვს მიღებული, 2 000 ლარია", - აღნიშნავს გამოცემა.

"დამფინანსებლებს შორისაა ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ადრინდელ მმართველ ძალას, "ნაციონალებს" სწირავდნენ დიდი ოდენობით თანხას და ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ხუთნიშნა შემოწირულობების სანაცვლოდ სულ მალე "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრთა რიგებშიც აღმოჩნდებიან - ისე, როგორც ეს მოხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, როდესაც "ოცნების" გულუხვი შემომწირველებიდან საკმაოდ დიდი ნაწილი პარტიის სიაში აღმოჩნდა, უმეტესად მაჟორიტართა რიგებში და ასეთები იყვნენ მაგალითად: კობა ნარჩემაშვილი, გენადი მარგველაშვილი და გოჩა ენუქიძე, რომლებმაც 55-55 ათასი ლარის ჩარიცხვის სანაცვლოდ გაინაღდეს პარლამენტის დეპუტატობა. თანაც, ენუქიძე "ოცნებაში" "პორტირებული" "ნაციონალია", - განაგრძობს გამოცემა.

"რეზონანსს" სამეგრელოს რეგიონიდან განუცხადეს, რომ ადგილობრივი ლიდერების მხრიდან ძალიან აქტუალურია ""ოცნების" სიაში ადგილების შეთავაზების შემთხვევები ხუთნიშნა შემოწირულებების სანაცვლოდ და რამდენიმე ასეთი "კანდიდატიც" უკვე სიაშია ჩაწერილი, მათი დადგენა კი მარტივად შესაძლებელი გახდება ყველა რაიონის საკრებულოს წევრობის გამსვლელი სიის გასაჯაროებას შემდეგ. ასევე ამ ადგილობრივი არჩევნების წინაც აქტიურობს "ნაციონალების" ხელისუფლების დამფინანსებელთა ის ნაწილიც, რომლებიც ახლა "ქართული ოცნების" დამფინანსებელთა რიგებშია გადანაცვლებული. მაგალითად, "აიპრესი" წერს, რომ მიმდინარე წლის 3 აგვისტოს იურიდიულმა პირმა, შპს არალიმ მმართველ ძალას 40 000 ლარი შესწირა, რომლის 100%-იანი წილების მფლობელი ოთარ თათეშვილი 2012 წელს "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველი იყო. მან 2012 წლის ივლისში 60 000 ლარი შესწირა მაშინდელ მმართველ "ნაცმოძრაობას". აღსანიშნავია, რომ მმართველი ძალისგან განსხვავებით ოპოზიციას მაქსიმალური 60 000 ლარი არც ერთი მოქალაქისგან არ მიუღია. თანხის მაქსიმუმი "ევროპული საქართველოსთვის" 42 000 ლარია, "ნაცმოძრაობისთვის", - 5 177 ლარი", - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება ალექსანდრე ელისაშვილის ფონდის შემოწირულებებს, ის 2 ლარიდან იწყება და მაქსიმალური 3 000 ლარია. არჩევნების წინ მმართველი პარტიის ასეთი გულუხვი დაფინანსება მუდმივად განხილვის საგანი ხდება. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ მათი დამფინანსებლების ასეთი კატასტროფული შემცირება "ოცნებიდან" დაშინებების ბრალია. "რატომ არის რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამდენი ხანია პარტიის ოფისს ყიდის და არც ერთი მყიდველი არ გამოჩნდა?! რომელიც გამოჩნდა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. "რატომ არის, რომ ჩვენთან ყოველდღიურად მოდიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სიამოვნებით მოგცემდით ფულს, მაგრამ ამას ვერ ვაკეთებთ. ციფრებიც ამაზე მეტყველებს. არ შეიძლება ამხელა აქტივის და იდეოლოგიის ძალას ჰქონდეს ასეთი მცირე შემოწირულება, იმ პირობებში, როდესაც პროდასავლური განწყობები ასეთი ძლიერია", - ამბობს კალანდაძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნების" შემომწირველთა რაოდენობის ზრდას ლოგიკურად მიიჩნევს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა თითოეული შემოწირულობა კანონის სრული დაცვით მიიღო", - წერს სტატიის ავტორი.

"თალაკვაძე "ნაცმოძრაობისა" და "ევროპულ საქართველოს" დაფინანსების წყაროებით ინტერესდება - "2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართულ ოცნებას" მხარი 856 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს პარტიას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. შესაბამისად, შემოწირულობების ეს რაოდენობა ლოგიკურია. ჩვენ მეტის მობილიზება გვჭირდება, რომ ჩვენს მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო კამპანია განვახორციელოთ და ამომრჩეველთან ის გეგმები და პროგრამა მივიტანოთ, რაც გვაქვს... 2017 წლის გასულ პერიოდში, ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ბევრად უფრო მეტი შემოწირულობა ჰქონდა, ვიდრე "ქართულ ოცნებას" " - განაცხადა თალაკვაძემ. მისი თქმით, ამჟამად მე პირადად უჩნდება შეკითხვა - "ვინმეს სჯერა, რომ ჩვენი ოპონენტი ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას 5-6 ათას ლარად ატარებენ?" - დასძენს სტატიის ავტორი.

კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებამდე უნდა დაელოდოს თუ არა "ოცნება" ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას?

"მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას სექტემბერში, კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე ელოდება. თუმცა კონსტუტუციას, კომისიის საბოლოო დასკვნამდე მიიღებს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის ვენეციის კომისიისგან უარყოფით დასკვნას არ ელოდება. "ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა. ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება - ვენეციის კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებების ტექსტი და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიისგან მათი დასკვნის წინასწარ ვერსიას. ეს ვერსია გახდება საჯარო და შესაბამისად, ვიდრე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განხილული იქნება მესამე მოსმენით ეს დოკუმენტი, მანამდე ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებებისა", - განაცხადა ჩუგოშვილმა, რომლის განმარტებით, იმ ტიპის რეკომენდაციებს და ცვლილებებს, რის საშუალებასაც რეგლამენტი მისცემს მესამე მოსმენის ეტაპზე, "მაქსიმალურად გაითვალისწინებენ", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებამდე უნდა დაელოდოს თუ არა "ოცნება" ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას?

"არ მგონია ეს აუცილებელი იყოს. ვენეციის კომისია უფრო მრჩეველი და კონსულტანტია. არ შეიძლება ყველაფერში მისი წინ დაყენება. ვფიქრობ, პირველად მაინც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ისტორიკოსი გია ანჩბაძე.

"გააჩნია რა ურთიერთობაში ვართ ჩვენ საერთაშორისო დებულებასთან. თუ ჩვენს კანონებზე უფრო მაღლა საერთაშორისო კანონებს ვაყენებთ, მაშინ უნდა დავალედოთ. თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენით მივიღოთ, მაშინ ასეც უნდა მოვიქცეთ. თუ კონსტიტუციის მიღება აუცილებელია და მის გარეშე ვერაფერს ვაკეთებთ, უნდა მივიღოთ. არ შეიძლება ყევლაფერში ვენეციის კომისიას ჩამოვეკიდოთ. ჩვენი თავი ისეთ დღეში ჩავიგდეთ, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს ვწყვეტთ და მუდმივად სხვების მოლოდინში ვართ", - ამბობს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

"რა თმა უნდა, აუცილებლად უნდა დაველოდოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ასეთი რეზონანსი აქვს, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისიწნებული ნებისმიერი ასპექტი და პირველ რიგში სამართლებრივი მხარე. კონსტიტუცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ნებისმიერი სახემწიფოს ცხოვრებაში და არ მგონია, რომ შესაძლებელი იყოს ჩვენ, ჩვენს კონსტიტუციას ასე უდიერად მოვეპყროთ. ვხვდები რატომ არ არის იმის სურვილი, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაველოდოთ. მაგრამ მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ დაველოდოთ კომისიის დასკვნას, რომელიც უფრო წონაინი და მიზანშეზონილი იქნება", - მიიჩნევს კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"რატომ უნდა დაელოდოს?! რა ვალდებულება აქვს ამის?! - თუ თვითონ მიაჩნიათ საჭიროდ და დარწმუნებულნი არ არინ თავიანთ პოზიციაში, მაშინ დაელოდოს, თუ არადა, თავად მიიღოს. რომელი ქვეყანა ელოდება ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ თავის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. რომელი თავმოყვარე ქვეყანა ელოდება ამას?!" - დასძენს უფლებათდამცველი ნანა კაკაბაძე.

ლარზე სპეკულაციური შეტევა მზადდება?!

"ლარს ძალიან საეჭვოდ ათამაშებენ. 2 დღის წინათ კურსი ერთბაშად 2,50-ზე "ააგდეს" და მეორე დღესვე 3 პუნქტით "გაამყარეს". ეს ხდება ეკონომიკური ფაქტორების გვერდის ავლით, რაც გვაფიქრებს, რომ ვალუტაზე სპეკულაციურ შეტევას აქვს ადგილი. სპეციალისტების ნაწილისთვის ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან უცნობია არგუმენტი, თუ რატომ მერყეობს ლარი. არ არის გამორიცხული, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები კურსის ხელოვნურად ჩამოყალიბებაში მიზანმიმართულად მონაწილეობდნენ. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ სებ-მა მიიღო ცვლილება ელექტრონული კომერციის სფეროში, რის გამოც დიდი რაოდენობით ვალუტამ დაიწყო გადინება ქვეყნიდან. ეკონომისტებისთვის უცნობია, რა ცვლილებებზეა საუბარი, რადგან ქვეყნის მთავარი ბანკი მსგავს ინფორმაციას არ ასაჯაროებს", - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ლარზე სპეკულაციური შეტევა მზადდება / “თუკი ასე გაგრძელდა მოვლენები, ალბათ, აქამდეც მივალთ”.

"ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამტკიცებს, რომ ლარი, ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე არ უნდა უფასურდებოდეს. იგი არ მალავს, რომ მკვეთრ სავალუტო მერყეობასთან დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რისი დასაბუთებაც ჯერჯერობით შეუძლებელია - "ლარის სტაბილურობას როცა საქმე ეხება, უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით. მაგალითისთვის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ეკონომიკაში (მხედველობაში მაქვს რეგიონული ფაქტორი) არ არის ის მდგომარეობა, რომ ეროვნული ვალუტა უფასურდებოდეს. მაკროეკონომიკურ ფაქტორებსაც თუ გავითვალისწინებთ, თითქოს ყველაფერი წესრიგშია. ერთ კვირაში ამხელა გაუფასურება და შემდეგ 3-თეთრიანი გამყარება არ არის ეკონომიკური პროცესებიდან გამოწვეული. იმის გადაჭრით თქმა, რომ სხვადასხვა მაქინაციებით უტევენ ლარს, ჯერჯერობით შეუძლებელია. ამას სჭირდება სერიოზული დასაბუთება და რიგით ეკონომისტებს ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება. დასაბუთების გარეშე ვერ ვიტყვი, რომ სავალუტო რყევები ბანკების მხრიდან კარგად ორგანიზებული ხელოვნური პროცესია. შეფასება იქნება გადაჭარბებული, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არაფერია", - აცხადებს ბაირახტარი. რაც შეეხება აჟიოტაჟს ლართან დაკავშირებით, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ჯერჯერობით ეს პროცესი არ შეიმჩნევა", - აღნიშნავს გამოცემა.

"როდესაც პირველი გაუფასურება დაიწყო (ბოლო ორკვირიანი ტენდენცია), საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ეს, შესაძლოა, აღმოჩნდა იმის სიგნალი, რომ დოლარი ქვეყნიდან გადის. ლარს ბოლო წლებში "სეზონურობა" დასჩემდა, ახლაც ამ გავლენის ქვეშაა. ეროვნული ვალუტა ზაფხულის შემდეგ სუსტდება ხოლმე, ალბათ, ამანაც უბიძგა, რომ ხალხს დოლარის შეძენა დაეწყო, რამაც გაუფასურებაზე ასევე მოახდინა გავლენა. რაც შეეხება ინფლაციას, იგი ყველა შემთხვევაში მიზნობრივს გასცდება. თუ სებ-ის მოქმედება იქნება დროული და ყველა პროცესთან შესაბამისი, ფასების ინდექსი კიდევ უფრო მეტად არ უნდა გაიზარდოს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ბაირახტარი.

"ლარის გაუფასურების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე. მისი ვარაუდით, სპეკულაციური მომენტები ჯერ არ შეინიშნება, მაგრამ ახლო მომავალში ნამდვილად მოსალოდნელია, რასაც ბოლო დროის სავალუტო დინამიკა ცხადყოფს - "ჩემი აზრით, ლარის გაუფასურება სპეკულაციურ მომენტს არ უკავშირდება, თუმცა ადგილი აქვს აჟიოტაჟს და იგი გადაიზრდება სპეკულაციაში. თუკი ასე გაგრძელდა მოვლენები, ალბათ, აქამდეც მივალთ. როდესაც სერიოზული რყევაა, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, რომელიც შეეცდება ამით სარგებლობას და სპეკულაციას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეროვნული ვალუტა უფასურდება, შეიძლება იყოს ჭარბი ლარის გამოშვება ბრუნვაში. შესაბამისად, კურსი ავტომატურად შეიცვლება ლარის საზიანოდ, ანუ კიდევ გაუფასურდება", - მიიჩნევს თუთბერიძე, რომლის თქმით, "ტენდენცია უკვე დაწყებულია" - დასძენს გამოცემა.

"გარდა ამისა, ტურისტული სეზონი მიიწურა, უცხოური ვალუტის შემოდინება იკლებს და ჩვენს რეზიდენტებს, რომლებსაც აქვთ ვალი უცხოურ ვალუტაში, უწევთ ამ ვალდებულების დაფარვა. ტრანშები იქნება მეტი, ვიდრე შემოდინება, რასაც ლარში ხარჯის ზრდაც ემატება. საბოლოოდ ეს კურსის გაუფასურებას იწვევს. რაც ახლა ხდება, ეს არ არის დოლარის გადინებას, ასე ვერ ვუწოდებ. გადინებაა, როცა კაპიტალი "გარბის" ქვეყნიდან. ეს პრობლემა ჯერ არ შეინიშნება. რაც ხდება, დაკავშირებულია ტრანშების დაფარვასთან, რაც ჩვეულებრივი ხდება ხოლმე. ახლოვდება არჩევნების პერიოდი და მეტი ლარი გამოვა მიმოქცევაში. ყველაფერი ახდენს ზეწოლას კურსზე და იწვევს ლარის გაუფასურებას. როგორც კი ლარი გაუფასურდება, ინფლაციაც გაიზრდება, ამიტომ სებ-ი იძულებული იქნება გამოიყენოს თავისი ინსტრუმენტები. ადრე თუ გვიან მოუწევს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და ლარის გაძვირება. სხვა შემთხვევაში ინფლაცია გაიზრდება, რომელიც 6%-ია, 4%-ის ნაცვლად", - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას გოჩა თუთბერიძე.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა