ოთახში, რომლის გასაღებსაც შორენა თეთრუაშვილი ინახავდა, რაღაც თოჯინა ნემსებით იპოვეს, - ამის შესახებ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა, სოსო ოხანაშვილმა, ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოში მიცემული ჩვენებისას განაცხადა. ოხანაშვილი საქმეზე სკაიპით დაიკითხდა და მისი ჩვენების რამდენიმე ფრაგმენტი „TV პირველმა“ გაავრცელა. ოხანაშვილი გველის შხამის გარდა, საპატრიარქოში მიყვანილ მკითხავებსა და ერთ-ერთ ოთახში აღმოჩენილ გაურკვეველ ნივთებზე საუბრობს.
„მინდა მოგახსენოთ კიდევ მკითხავის მიყვანის შესახებ. ეს საპატრიარქოდან ჩემი წამოსვლიდან ერთ ან ორ კვირაში მოხდა. ზურაბ ბუჩუკურმა აღმიწერა ეს სიტუაცია, რომ მკითხავი მიიყვანა შორენამ საპატრიარქოში და იქ რაღაც ჯადოები აღმოაჩინეს. ამ ჯადოს აღმოჩენაში საინტერესო ის იყო, რომ სხვენში ნაპოვნი კარები გახსნეს „ბალგარკით“, თუმცა მისი გასაღები სულ შორენას ჰქონდა. რატომღაც იმ დროს შორენას გასაღები არ აღმოაჩნდა და შესაბამისად, ბალგარკით გაიჭრა კარი. შევიდნენ ოთახში და იქ იპოვეს, რაღაც თოჯინა ნემსებით და ა.შ... პატრიარქს უთხრა, რომ ამის ბრალი ყოფილა რაც ხდებოდა და ახლა ყველაფერი დალაგდებაო“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება გველის შხამს, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის ინფორმაციით, მას სასაცილოდ არ ეყო, როცა პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, წამლების დასამზადებლად გველის შხამის მოძიება სთხოვა.
„გველის შხამზე შორენას ჩემთვისაც აქვს ნათქვამი, რომ მას ეს სჭირდებოდა რაღაც წამლის დასამზადებლად. ამაზე ჩვენ დავცინოდით მას - ეს ხომ სასაცილოა?! ამაზე ვუთხარი - მე ახლა გველის შხამს ვერ ავიღებ და თუ გველს დავიჭერ, თავს წავაცლი და შხამი თქვენ გამოუღეთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.