გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, განახლებული სახლ-მუზეუმი დღეს მინისტრის მოადგილემ გაგი ბუაძემ და პოლონური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გახსნეს. გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარები, დიპლომატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. პოლონურმა დელეგაციამ სახლ-მუზეუმს წმინდა მღვედლმოწამე გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გადასცა.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახლ-მუზეუმის მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. უწყების ინფორმაციით, სახლის შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩატარდა ნანგრევების საკონსერვაციო სამუშაოები და იქვე აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი. ბაკურციხეში ხშირად ჩადიან უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევარები, ამიტომ, მოეწყო ერთგვარი სადისკუსიო სივრცე: შეხვედრების დარბაზი. ასევე, მოხდა არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოღობვა. პროექტის ღირებულება 400 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ნოემბერში დაიწყო.
პროექტის მიზანია სახლ-მუზეუმის პირვანდელი იერსახის შენარჩუნება და კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარება.