სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე იმყოფებოდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მოქალაქეებმა სარფის საბაჟოზე შექმნილი სიტუაციის გამო დახმარება სთხოვეს.
მისივე თქმით, მოქალაქეებმა განუცხადეს, რომ საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ. ციალა ქათამაძის განცხადებით, სახალხო დამცველი თურქ მებაჟეებსა და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღებ ჯგუფს შორის მომხდარ ინციდენტსაც შეისწავლის.
"ცხელი ხაზის საშუალებით დაგვიკავშირდენენ და სარფში შემთხვევის ადგილზე მივედით. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. ჩვენ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ვესაუბრეთ, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ნეიტრალურ ტერიტორიაზე საქმიანობაში სავარაუდოდ ხელისშეშლასა და ძალის გადამეტებას. ჩვენ აღნიშნული ფაქტით აუცილებლად დავინტერესდებით",- აცხადებს ციალა ქათამიძე.
დღეს დილით სარფის გამშვებ პუნქტზე თურქ მებაჟეებსა და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღებ ჯგუფს შორის ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეებს სარფის საზღვარზე არ უშვებდნენ, რის გადაღებასაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღები ჯგუფი ცდილობდა.