„თბილისობის“ ფარგლებში, მეტეხის ხიდზე, ჟურნალ AUTO BILD-ის ორგანიზებით ავტო-მოტო შოუ იმართება.
დამთვალიერებელს მეტეხის ხიდზე ავტომანქანების უნიკალური მოდელებისა და ახალი მანქანების ხილვა შეუძლიათ. დილიდან ავტოშოუს მრავალი დამთვალიერებელი სტუმრობს.
უნიკალური ძველი მოდელების გარდა, ავტომოყვარულებს ძირითადად ის მოდელები აინტერესებთ, რომელიც საქართველოში ახალი შემოყვანილია გასაყიდად. მეტეხის ხიდზე ასევე განთავსებულია რადიო "პალიტრას" ავტომანქანის ფორმის ბანერი, სადაც მსურველებს სამახსოვრო ფოტოს გადაღება შეუძლიათ. როგორც ჟურნალ AUTO BILD-ის მარკეტინგის მენეჯერმა ლაშა წიკლაურმა აღნიშნა, ავტოშოუს მუდმივ დამთვალიერებელსაც კი წლევანდელ გამოფენაზე ბევრი სიახლე ელოდება.
"წლებია უკვე ჟურნალი AUTO BILD თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში ატარებს ავტოშოუს. მეტეხის ხიდზე ამჯერადად შაბათ-კვირას ვმასპინძლობთ ავტო-მოტო მოყვარულებს. ბევრს საინტერესოს ნახავს დამთვალიერებელი. პირველად თბილისის ავტომუზეუმს გამოყვანილი ჰყავს ავტომანქაბების 10 უნიკალური მოდელი. ასევე ახალი მანქანები იყიდება უპრეცედენტო ფასად და ბევრი კლუბია წარმოდგენილი სხვადასხვა საინტერესო მოდელებით. ბევრ სიახლეს ნახავს ისიც კი, ვინც წლებია ჩვენთან დადის და თითქოს იცის აქ რა ხდება. თუმცა, წელს მართლაც ბევრი სიახლეა", - განაცხადა ლაშა წიკლაურმა.
ჟურნალ AUTO BILD-ის მიერ ორგანიზებული ავტოშოუს ნახვის საშუალება მსურველებს მეტეხის ხიდზე 2 დღის განმავლობაში ექნებათ.