“საყდრისის კომიტეტი“ კომპანია RMG GOLD-ის საპასუხო განცხადებას ავრცელებს

“საყდრისის კომიტეტი“ კომპანია RMG GOLD-ის საპასუხო განცხადებას ავრცელებს. კომიტეტი RMG GOLD-ს „დისკრედიტაციის მცდელობაში“ ადანაშაულებს.

”ინტერპრესნიუსი” „საყდრისის კომიტეტის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

InterPressNews.Ge“საყდრისის კომიტეტი“ კომპანია “RMG GOLD“-ს კომიტეტის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. 7 ნოემბერს საყდრისში განვითარებულ პროცესებზე კომპანია “RMG GOLD”-ის მიერ გავრცელებული უპასუხისმგებლო განცხადების გამო, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიზანშეწონილად მიიჩნევს, გააკეთოს განმარტება.

როგორც 6 ნოემბერს „საყდრისის კომიტეტის“ მიერ გავრცელებული ანონსიდან საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, აგვისტოს ბოლოს ერთ-ერთმა არქეოლოგმა მოგვაწოდა ინფორმაცია საყდრისი-2-ზე ძველი გამონამუშევრების კვალის არსებობის შესახებ. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, კომპანია “RMG GOLD“-ს საყდრისი-2-ზე დაშვება მოვთხოვეთ. კომპანიის წარმომადგენლების თანხლებით, 7 სექტემბერს დავასურათეთ რამდენიმე საეჭვო ადგილი. ფოტოები კი პირველადი შეფასებისთვის გადავუგზავნეთ ქართულ-გერმანული სამეცნიერო ექსპედიციის წევრებს, სამთო-არქეოლოგებს პროფესორ ირინე ღამბაშიძესა და პროფესორ თომას შტოლნერს, რომლებიც წლების განმავლობაში იკვლევდნენ საყდრისის უძველეს ოქროს მაღაროს. მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესაძლოა ერთ-ერთ ფოტოზე ძველი შტოლნა ყოფილიყო აღბეჭდილი.

13 სექტემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი არქეოლოგი ზურაბ გიორგაძე და საყდრისის კომიტეტის წევრი ნინო ბურჭულაძე კომპანია “RMG GOLD“-ის წარმომადგენლების თანხლებით იმყოფებოდნენ საყდრისი-2-ზე, თუმცა, ფოტოებზე მონიშნული ადგილების იდენტიფიცირება და დათვალიერება ვერ მოხერხდა მიუდგომლობის გამო, რაც შესაბამისად აისახა არქეოლოგ ზურაბ გიორგაძის ანგარიშშიც.

InterPressNews.Geვინაიდან, უკვე არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი საყდრისი-2-ზე ძველი შტოლნის არსებობის შესახებ, „საყდრისის კომიტეტმა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს პროცესში ეროვნული მუზეუმის ჩართვა და სამუშაო შეხვედრის ორგანიზება სთხოვა. პარალელურად კულტურული მმეკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კომპანია “RMG GOLD“-ს მიმართა, საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე სამუშაოები არ განეახლებინა.

17 ოქტომბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შედგა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, სააგენტოს იურისტი თეა ონიანი, “RMG GOLD“-ის წარმოების დირექტორი თორნიკე ლიპარტია, კომპანიის რესურსების გეოლოგი მალხაზ ნაცვლიშვილი, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის დირექტორი ზურაბ მახარაძე, არქეოლოგი ირინე ღამბაშიძე, „საყდრისის კომიტეტის“ წევრები ნინო ბურჭულაძე და დავით გულბანი. შეხვედრაზე განხილული იქნა ფოტოები და კიდევ ერთხელ გამოითქვა მოსაზრება, რომ ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო ძველი შტოლნა. ამის შემდეგ „საყდრისის კომიტეტმა: წამოაყენა წინადადება, რომ ინფორმაციის საბოლოო გადამოწმების მიზნით საყდრისი-2-ზე დაშვებული ყოფილიყვნენ არქეოლოგი ირინე ღამბაშიძე, სააგენტოს არქეოლოგი ზურაბ გიორგაძე და კომიტეტის წევრები, ხოლო “RMG GOLD“-ს შესაბამისი ტექნიკითა და ხელსაწყოებით უზრუნველეყო დახმარება. შეთანხმება შედგა და 7 ნოემბერს ჩაინიშნა საყდრისში ჩასვლა. .

მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე 6 ნოემბერს, „საყდრისის კომიტეტმა“ გაავრცელა განცხადება საყდრისი-2-ზე სავარაუდოდ ძველი შტოლნის არსებობის და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საყდრისში არქეოლოგების ჩასვლის შესახებ.

7 ნოემბერს ადგილზე ჩასულებს ტერიტორია სახეშეცვლილი დაგვხვდა. როგორც “RMG GOLD“-ის გეოლოგებმა განგვიმარტეს, ეს იყო „წვიმებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების“ ბრალი.

ფოტოებზე აღნიშნული ადგილებიდან ერთი შტოლნის სიძველის ეჭვი არ დადასტურდა, მეორე ადგილი სახეცვლილების გამო ფაქტობრივად მიუდგომელი აღმოჩნდა, ხოლო მესამის იდენტიფიცირება ვეღარ მოხერხდა.

InterPressNews.Geმიუხედავად იმისა, რომ კომპანია “RMG GOLD“-ის წარმომადგენლები 7 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პროცესში სრულად იყვნენ ჩართულები და თავადაც პირადად მოისმინეს მეცნიერთა ვარაუდი, მაინც გაავრცელეს ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება და რატომღაც „საყდრისის კომიტეტი“ დაადანაშაულეს საკითხით სპეკულირებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში.

საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომპანია “RMG GOLD“-ს, შეიკავოს თავი დისკრედიტაციის მცდელობისგან და საყდრისის კომიტეტის ანტიპიარზე დახარჯული დრო და რესურსი კომპანიის საქმიანობის შედეგად რეგიონში არსებული ეკოციდის დასაძლევად მიმართოს”, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა