ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ უახლესი სტანდარტების ლაბორატორიებით აღიჭურვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ელექტროობის, კონდიცირების, შედუღებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების ლაბორატორიები პირველია საქართველოში და ამ სტანდარტებით სწავლება მხოლოდ „სპექტრში“ იქნება შესაძლებელი.
მათივე ცნობით, გრანტის ფარგლებშივე, საქართველოს ისტორიაში პირველად, პროფესიულმა კოლეჯმა საერთაშორისო პარტნიორის Pearson Education Limited, ბიზნესისა და ტექნოლოგიური განათლების საბჭოს (BTEC - Business and Technology Education Council) სტანდარტების აკრედიტაცია მიიღო. ახალი სასწავლო წლისთვის შემუშავდა პროფესიული განათლების ახალი პროგრამები და BTEC–ის ექსპერტებთან ერთად საერთაშორისო სტანდარტების სილაბუსები და შესაფასების სისტემები გაიწერა.
„პირველად საქართველოს პროფესიული განათლების ისტორიაში, BTEC–ის აკრედიტაცია მივიღეთ, ჩვენთან ჩარიცხული სტუდენტი ავტომატურად მოხვდება ბიტეკის საერთო ბაზაში და სწავლის დასრულების შემდეგ მიიღებს საერთაშორისო სერთიფიკატს. უახლესი ლაბორატორიები მივიღეთ, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყნებში გამოიყენება სწავლის პროცესში. ლაბორატორიებით საშუელება მოგვეცა პირველად საქართველოში ცივი შედუღების სწავლება დავიწყოთ, რომელიც ძალიან მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და ამ დრომდე ეს საქმე საქართველოში არ ისწავლებოდა. საერთაშორისო სტანდარტებს გავუთანაბრდით და ეს არის ახალი სიტყვა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში“, - განაცხადა საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ 300-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და მუდმივად ახორციელებს სტაჟირება-დასაქმების პროგრამებს.
კოლეჯში რეგისტრაცია დასრულებულია და ამ დროის მონაცემებით 1000-მდე მსურველი დარეგისტრირდა. ეროვნული გამოცდების შემდეგ იმ სტუდენტთა ზუსტი რაოდენობა გაირკვევა, რომლებიც ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს საერთაშორისო პროგრამებით უახლეს ლაბორატორიებში დაეუფლებიან.
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს 16 მილიონი აშშ დოლარის პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.