ყველა მნიშვნელოვანი მესიჯით, რომელიც იქნება საჭირო, აუცილებლად დავინტერესდები, - ამის შესახებ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ბაგრატიონმა ჟურნალისტებთან წარდგენის შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, ზედამხედველობის სამსახური ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც თბილისის ახალ მერს აქვს დაანონსებული.
"ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია, დატვირთული სამსახურია და მე ამ სამსახურის უფროსი ვიყავი დაახლოებით 7 თვე. ვიცი სამსახურის არსი, მნიშვნელობა. სამომავლოდ, თუ რა გეგმები გვექნება, რა ცვლილებებს დავაპირებთ, ცნობილი იქნება თქვენთვის",- განაცხადა ბაგრატიონმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა, ვარკეთილში სკვერის მახლობლად მშენებლობასთან დაკავშირებით, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს, ბაგრატიონი აცხადებს, რომ ნებისმიერი საკითხით, რაც ხდება, დაინტერესდება და გაერკვევა. „რაც შეეხება ნებართვას, როგორ უნდა გაიცეს ნებართვები, კონკრეტული პროცედურები აქვს. ახლა ამაზე საუბარი, სწორია თუ არასწორია, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, თუმცა დავინტერესდები. ყველა მნიშვნელოვანი მესიჯით, რომელიც იქნება საჭირო, აუცილებლად დავინტერესდები“, - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.