განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელის, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, 51-ე სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოლოგი ამ ეტაპზე არ მუშაობს.
როგორც ზარდალიშვილი განმარტავს, ინციდენტის შემსწრე მოსწავლეები, ასევე სკოლის მოსწავლეების ნაწილი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებიან და მათთან ფსიქოლოგის მუშაობას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს.
ზარდალიშვილის თქმით, ფსიქოლოგებმა ბავშვებთან მუშაობა დაახლოებით ორი კვირის შემდეგ უნდა დაიწყონ.
„ბავშვები არიან შოკში. ეს მდგომარეობა ამ სიტუაციიდან გამომდინარე არის ნორმალური. ბავშვებთან შეხვედრა ჯერ არ შეიძლება. პირველადი თერაპია მათ მინიმუმ 2 კვირის შემდეგ შეიძლება ჩაუტარდეს. ახლა არის შოკის ფაზა, რომელიც გაივლის ერთ კვირაში, ამას მოყვება მეორე - გლოვის ფაზა და ამ პერიოდში ბავშვებთან ფსიქოლოგის მუშაობა შედეგს ვერ გამოიღებს. ამ ეტაპზე 51-ე სკოლაში რჩება 4 ფსიქოთერაპევტი, რომელიც სკოლის ადმინისტრაციას კონსულტაციებს გაუწევს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ცენტრი მუშაობს ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებთან, თუმცა ბავშვთან რომ ვიმუშაოთ უნდა იყოს თავად ბავშვის და მშობლის თანხმობა. როდესაც ჩვენ ეს მუშაობა დავიწყეთ, 2013 წელს 500 ბავშვი მოვიდა, მეორე წელს 600-ზე მეტი ბავშვი, ხოლო წელს უკვე 2 000 ბავშვს გავუწიეთ მომსახურება. ამ ინციდენტის შემდეგ სტატისტიკის ზრდა არ მომხდარა, ეს ახალი შემთხვევაა, ჯერ შოკის მდგომარეობაა, როგორც აღვნიშნე. გაიზრდება თუ არა მომართვიანობა ამ ინციდენტის შემდეგ, ეს ერთ თვეში გვეცოდინება“, - აღნიშნა ზარდალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
51-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს განათლების სამინისტროს ფსიქოლოგები დილიდან ხვდებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ კონკრეტული გეგმა უნდა შეიმუშაონ, თუ რა მიმართულებით იმუშავებენ სკოლის მოსწავლეებთან. ფსიქოთერაპევტები 51-ე სკოლაში ამ დრომდე რჩებიან.