თბილისის მერია გაგარინის N10-ში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟს ახორციელებს. ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე. მისი განცხადებით, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსიდან გამოყვანილი მოსახლეობა უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართებით. მისი თქმით, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ნახეს ინვესტორი, რომელიც ამ კონკრეტულ ადგილას ააშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს.
„რამდენიმე ხნის წინ აქედან დავიწყეთ მოსახლეობის გამოყვანა. გაგარინის 10-ში მდებარე ეს სახლი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. 18 ოჯახი გამოიყვანა საბურთალოს გამგეობამ. ყველანაირად უზრუნველყოფილი არიან დროებითი საცხოვრებელი ფართებით. ერთი კვირის განმავლობაში დასრულებული იქნება დემონტაჟი. აქ მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ აქ მცხოვრებმა ადამიანებმა ნახეს ინვესტორი, რომელიც ამ კონკრეტულ ადგილას ააშენებს ახალ საცხოვრებელ კორპუსს. ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა და მხარდაჭერა ასეთი პროექტების განხორციელების დროს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრია ასეთი საცხოვრებელი კორპუსი დედაქალაქში, ყველა რაიონშია. 2018 წლიდან ვიწყებთ „ავარიული ფონდის“ შექმნას, რომ ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყოს მოგვარებული“, - განაცხადა კალაძემ.
საბურთალოს რაიონის გამგებლის, გაიოზ ვასაძის განცხადებით, 14 ნოემბერს, გაგარინის 10 ნომერში მდებარე სახლის ნაწილობრივი დემონტაჟი მოხდა და ახლა გრძელდება. მისივე თქმით, 18-ვე ოჯახი დაკმაყოფილდება.
შენობის დემონტაჟის გამო, გაგარინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით გადაიკეტა. მოძრაობა განახლდება 13 დეკემბერს დილის 06:00 საათიდან. თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.