ეკა ბესელია - გადაწყვეტილება მომწიფდა, რომ უმრავლესობის შიგნით შეიქმნას კიდევ ორი ფრაქცია, ეს დროული გადაწყვეტილებაა

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ უმრავლესობის შიგნით ორი ახალი ფრაქციის შექმნა აუცილებელი იყო.

როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისეთ დიდ ფრაქციაში, როგორიცაა "ქართული ოცნება" რთული იყო ყველა დეპუტატს ჰქონოდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება. ბესელიას შეფასებით, პატარა ფრაქციებში დეპუტატებს, უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ, რომ უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში.

"ეს გადაწყვეტილება მომწიფდა, რომ უმრავლესობის შიგნით შეიქმნას დამატებით კიდევ ორი ფრაქცია. მე ვფიქრობ, ეს დროული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან მთავარი ფრაქცია "ქართული ოცნების" არის პრაქტიკულად ტოლფასი უმრავლესობის. რაოდენობრივად ის ძალიან დიდია, ამიტომ მართვის თვალსაზრისით და მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში ყველა წევრისთვის უფრო მეტი შესაძლებლობის მიცემისთვის და მეტად ჩართვისთვის, მე ვფიქრობ, გაცილებით უფრო მოქნილი იქნება კიდევ დამატებით ორი ახალი ფრაქციის შექმნა. ეს შესაძლებლობას მისცემს, ისეთ დიდ ფრაქციას, როგორიც დღეს "ქართული ოცნებაა" მოხდეს, როგორც პოლიტიკურ პროცესებში დეპუტატებისთვის უფრო მეტი ჩართვის შესაძლებლობის შექმნა, ასევე მართვის თვალსაზრისით გაცილებით უფრო მოქნილი პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება. ამიტომ მე მგონია, ეს არის დროული და კარგი გადაწყვეტილება. ძალიან რთულია ასეთი დიდი ფრაქციის ისე მართვა, ისე რომ ყველას ქონდეს პოლიტიკურ პროცესში თანაბარი მონაწილეობის საშუალება", - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება ახალი ფრაქციის წევრებს, ბესელიას თქმით, მათი ვინაობა საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

"დაწყებულია სამუშაო პროცესი, თუ ვინ როგორ გადანაწილდება და ეს უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ორი ახალი ფრაქციის შექმნის ინიციატორი პოლიტიკური გუნდია. ამასთან, ბესელიამ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთანაც გაიმართება.

"პრემიერთან შესაძლოა ცალკეული საუბრები იყო, მაგრამ საბოლოო კონსულტაციები არ ყოფილა. რა თქმა უნდა, შეთანხმდება მასთან ეს ყველაფერი, ვინაიდან ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებები პრემიერთან შეთანხმების გარეშე ბუნებრივია არ მიიღება", - განაცხადა დეპუტატმა და აქვე დასძინა, რომ ის მთავარ ფრაქციაში რჩება.

მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.11.2019
დავით უსუფაშვილი - „გერმანული მოდელი“ სწორედ იმიტომ იქნა შერჩეული, რომ იგი ყველაზე ადეკვატური კონტრნაბიჯია, რათა პროცესები კონტროლიდან არ გამოვიდეს
რესქულში უძრავი ქონების შეფასების კურსი 25 ნოემბერს დაიწყება
კომპანია „ფრეგო“-ს მთავარი ინვესტორის ღია წერილი
BCard - "ემბისის" ბიზნეს ბარათი მცირე ფერმერებისა და მიკრო მეწარმეებისთვის
უნიმანია "უნიქარდისგან" - ექსკლუზიური შეთავაზება მინიმალური ქულებით (R)