„სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი გიორგი შარაშიძე გამოძიებაზე ზეწოლაზე საუბრობს

კომპანია „სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი გიორგი შარაშიძე გამოძიებაზე ზეწოლაზე საუბრობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შარაშიძემ განუცხადა, „სიტროენ ჯორჯია“ სამართლებრივ ჭრილში მოქმედებს, რასაც მინისტრთა კაბინეტის და პარლამენტარების მიერ გაკეთებული შეფასებებით ხელი ეშლება. თუმცა, იგი იმედოვნებს, რომ გამოძიება და სასამართლო პროცესი სამართლიანად წარიმართება.

შარაშიძე ბოლო დროს კომპანიის გარშემო განვითერბულ მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ ამ საქმეზე მიმდინარე სასამართლოსა და გამოძიების პასუხებს დაელოდონ და „მტკიცებით ფორმაში არ ისაუბრონ“.

მისივე თქმით, სარჩელი აქვთ შეტანილი სასამართლოსა და კონკურენციის სააგენტოში და ყველანაირად ცდილობენ, რომ დაიცვან დისტანცია და სამართალს მიაღწიონ. „ის ხალხი, ვინც სამართლიანობის სადარაჯოზე უნდა იდგეს, რათა ვინმემ არ მოახდინოს ზეწოლა, თვითონ ახდენს ზეწოლას ნებით ან უნებლიედ. თითქმის, მთელი მინისტრთა კაბინეტი გამოვიდა და შეფასებები გააკეთეს, პრემიერი გადადგომას აპირებს. ყველა პარლამენტარი ერთსა და იმავეს ამბობს, რომ თურმე, ჩვენ ფაქტები არ გვაქვს. გაეცნონ იმას, რომ 4 თვეა სასამართლოში ვართ ან გაეცნონ იმას, თუ რა განცხადებებს აკეთებს შესყიდვების სააგენტოს ერთ-ერთი წევრი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ეს იყო სპეცოპერაცია „სიტროენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ხომ ხელის გულზე დევს?! ჩვენ, რომლებიც მხარეს წარმოვადგენთ, მტკიცებით ფორმაში საუბარს ვერიდებით. ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, როცა ის ხალხი, რომლებიც სადარაჯოზე უნდა იდგეს, რათა არ მოხდეს ზეწოლა ორგანოზე, რომელიც ამ მოკვლევას ახორციელებს, ზეწოლას პირიქით თვითონ ახდენს. კიდევ ერთხელ ძალიან ვთხოვ ყველას, რომ დაველოდოთ გამოძიებას და მის პასუხებს, როგორც კონკურენციის სააგენტოს შემთხვევაში, ისე სასამართლოს შემთხვევაში. სხვაგვარად მე, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანმა აღარ ვიცი, როგორ მივმართო, რომ ასეთ მტკიცებით ფორმაში არ ისუბროს ამ ხალხმა, რა და როგორ ხდება მაშინ, როცა საქმეს არ იცნობენ. ეს გამოჩნდა ნოდარ ხადურის განცხადებიდან, რომ მას საერთოდ არ უსაუბრია პრემიერ-მინისტრთან ამ საკითხზე. ეს ჩანს ყველა მინისტრისა და პარლამენტარის განცხადებიდან. ჭკუას გვარიგებენ იმაზე, რომ ჩვენ სასამართლოში და კონკურენციის სააგენტოში უნდა შევიდეთ. შესულები ვართ 4 თვეა. გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტოში 100-გვერდიანი დამადასტურებელი ფაქტებია შეტანილი იმისა, რომ ამ ქვეყანაში არის კარტელური გარიგებები“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

„სიტროენ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მოითხოვს, რომ შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრი დაიკითხოს. „ნოდარ ხადურის უწყებამ კითხვები გამოგვიგზავნა, რაზეც ჩვენმა იურისტებმა პასუხი გაუგზავნეს. ჩვენ მოვითხოვთ, შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს კომისიის ყველა წევრის დაკითხვას, ასევე, მოვითხოვთ პროცესების გაშუქებას, რათა მაყურებელმა და იმ პირებმაც, რომლებიც დღეს განცხადებებს აკეთებენ, თავად ნახონ, რა ხდება რეალურად ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მისივე თქმით, კეთდება განცხადებები, თითქოს გიორგი გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში „ღია განცხადებებს აკეთებს“. „გია გაჩეჩილაძეს „ფეისბუქი“ საერთოდ არ აქვს, ხოლო სოციალურ ქსელში გაჩეჩილაძის სახელით გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება და მოწოდებულია იმისკენ, რომ თემა უფრო პოლიტიზებული გახადონ“, - აცხადებს გიორგი შარაშიძე.