მამუკა ბახტაძე - დღეს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა

დღეს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბანკს აქვს დივერსიფიცირებული და დინამიკური პორტფელი საქართველოში, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა: წყალმომარაგება, გზების მშენებლობა, ენერგეტიკა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ADB აქტიურად უჭერს მხარს პრემიერის მიერ ინიცირებულ 4-პუნქტიანი განვითარების გეგმას და მის შემადგენელ კომპონენტებს, მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო დახმარების გარდა, ის თანადგომა, რასაც ვიღებთ ტექნიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. აღსანიშნავია ბანკის ჩართულობა ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესში როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარება, კერძო და საჯარო თანამშრომლობის პრინციპების ჩამოყალიბება. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ADB ახორციელებს CAREC-ის ინიციატივის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს საქართველო იქცეს ტრანზიტულ და ლოგისტიკურ ჰაბად მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა: ბათუმის შემოვლითი გზა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი (ნატახტარი- ჟინვალის მიმართულება).

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აზიის განვითარების ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა აქტივობა კერძო სექტორშიც, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით. მომავალ წელს, ვგეგმავთ ვუმასპინძლოთ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, რაც დიდი პატივია ჩვენთვის. იმედი მაქვს, მომავალი ათი წელი, კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივ ოფისს თანამშრომლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივი ძალებით, წინ დიდი მიღწევები გველოდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.