რომან კაკულია - საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული ცვლილებები არ არის სამართლიანი სხვა, განსაკუთრებით პატარა ტელევიზიების მიმართ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეფასებით, კომერციულ რეკლამასთან დაკავშირებით "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები "არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება სხვა, განსაკუთრებით პატარა ტელევიზიების მიმართ".

კომიტეტი "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს მესამე მოსმენით განიხილავს, თუმცა რომან კაკულია კანონპროექტს მხარს არ უჭერს და ამის ორ ძირითად მიზეზად კომერციული რეკლამისა და სტარტაპების ნაწილს ასახელებს.

"ჩემი პირვანდელი პოზიცია არ შეცვლილა. ჩემი მიზანია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება იყოს სრულ შესაბამისობაში იმ ძირითად პრინციპებთან, რასაც ემყარება ჩვენი გუნდის ეკონომიკური ხედვა და მისი სტრატეგია. მე მინდა წარმატებები ვუსურვო საზოგადოებრივ მაუწყებელს და მინდა, რომ მისი განვითარების გზა იყოს დაფუძნებული სამართლიანობაზე და ეკონომიკის განვითარების იმ პრინციპებზე, რომელიც გაცხადებულია ჩვენი გუნდის მიერ. ჯანსაღი კონკურენცია არის ის მთავარი ფუნდამენტი, რაზეც ჩვენი ეკონომიკის მთავარი პრინციპები ეფუძნება. საზოგადოებრივ მაუწყებელს ამხელა უპირატესობა აქვს იმ თანხების მიხედვით, რომელსაც ღებულობს. დღევანდელ მოცემულობაში, ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება სხვა, განსაკუთრებით პატარა ტელევიზიების მიმართ. ასევე, სტარტაპების თემას რაც შეეხება, მე არასდროს ეჭვი არ შემპარვია იმაში, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რა საჭიროებასაც ხედავს ბიზნესის ამ სფეროში, ის არსებობს, მაგრამ ყველა ასეთი ტიპის ბიზნესების მიმართ მთავრობას უნდა ჰქონდეს ერთგვაროვანი მიდგომა, რათა ორმაგი სტანდარტების წინაშე არ მოგვიწიოს დადგომა. ასევე, იყო საკითხები მმართველობასთან და შესყიდვებთან დაკავშირებით, სადაც მეტ-ნაკლებად მივაღწიეთ კონსენსუსს, მაგრამ ორი პრობლემური საკითხი დარჩა, რომელიც განაპირობებს ჩემს გადაწყვეტილებას",- განაცხადა კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა