ევროინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს, ოთხ ძირითად მიმართულებას დაეფუძნება

ევროინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელზეც საქართველოს მთავრობა მუშაობს, ოთხ ძირითად მიმართულებას დაეფუძნება. აღნიშნული მიმართულებები საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დაასახელა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. მიხეილ ჯანელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ ახალ ხედვაზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.

„იმისათვის, რომ კიდევ უფრო კონცენტრირებული იყოს ჩვენი მუშაობა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ, შევიმუშავოთ საგზაო რუკა ევროკავშირისკენ, რომელიც კონცეპტუალურად გულისხმობს ოთხ ძირითად მიმართულებას:

პირველი - ეს არის საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოება ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის სრული და ეფექტიანი იმპლემენტაციის გზით. ეს თავისთავად გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობის დაახლოებით 70%-ის ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში დანერგვას, ჩვენი დემოკრატიული და სექტორული ინსტიტუტების ევროპული სტანდარტით განვითარებას;

მეორე მიმართულება არის ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების მიღმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შესწავლის პროცესი, რათა აღმოვაჩინოთ დამატებითი საკანონმდებლო მიახლოების საჭიროება და ამ სამუშაოს შედეგად მოვამზადოთ ნიადაგი ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯებისთვის;

მესამე მიმართულება ამ საგზაო რუკის იქნება 6 ნაბიჯი, ანუ ის სხვაობა, რაც არსებობს ასოცირების შეთანხმებასა და კიდევ უფრო მეტ ევროპულ კანონმდებლობასთან და ინსტიტუციურ პრაქტიკასთან დაახლოებას შორის, ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, ანუ ასოცირების შეთანხმების მიღმა ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაცია, ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა, ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და გაღრმავება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გაძლიერებული თანამშრომლობა და ევროკავშირთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთკავშირების გარღმავება;

საგზაო რუკის მეოთხე მიმართულება იქნება აქტიური მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის „20 შედეგი 2020 წლისათვის“ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ევროინტეგრაციის პროცესი წარიმართება ევროინტეგრაციის კომისიის მიერ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა