დავით სერგეენკო - ჯანმრთელობის დაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად იქცა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლაში ძირითადი აქცენტები ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური პოლიტიკის, შრომისა და დასაქმების საკითხებზე გააკეთა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გატარებული რეფორმების შედეგად, „ჯანდაცვა პრივილეგიიდან პრიორიტეტად იქცა“, რეფორმებს შორის კი ერთ-ერთი უმთავრესი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, რომელიც უზურნველყოფს მოსახლეობისთვის გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებების მიწვდომადობას.

დავით სერგეენკომ ყურადღება გაამახვილა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე და აბორტის მაჩვენებლის მკვეთრ შემცირებაზე.

დავით სერგეენკომ გამოსვლაში ყურადღება დაუთმო სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სამედიცინო მომსახურების ტერიტორიული მიწვდომადობის ზრდას საქართველოს მასშტაბით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით უმთავრესი საქმიანობა იყო ახალი კლინიკებისა და ამბულატორიების მშენებლობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეფორმა, მისი სამედიცინო პერსონალის და სოფლის ექიმების ანაზღაურების გაზრდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით დაგეგმილი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის სპეციალისტების პროფესიული მომზადების ხარისხის გაუმჯობესებას.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალურად დაუცველთა საჭიროებებზე და მათი სოციალური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაზე. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მთავარი ტვირთი მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობაა.

”სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას დაემატა სოციალურად დაუცველთა ქრონიკული მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ამ ჯგუფის მოქალაქეთა დანახარჯი მედიკამენტებზე”,- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგია საჭიროებს მუდმივ ცვლილებებს, დახვეწას და ამ მიმართულებით სამინისტროს აქვს შემუშავებული კონკრეტული სტრატეგია.

”ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის და მათ შორის ბავშვთა ზოგადი და უკიდურესი სიღარიბე, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდის ბოლო კვლევაც ადასტურებს. თუმცა, მიღწეული შედეგებით სამინისტრო არ დაკმაყოფილდება და მუდმივად გაგრძელდება ამ საკითხზე მუშაობა”, - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკომ ასევე ყურადღება გაამახვილა შრომისა და დასაქმების მიმართულებაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს, ფაქტობრივად, არარსებული სფეროს ამუშავება მოუწია, რამდენადაც არ არსებობდა კონკრეტული ბერკეტი, რომელიც დასაქმებულთა შრომის პირობებსა და უფლებებს დაიცავდა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურაში შემავალი შრომის ინსპექტორების მიერ ხორციელდება დასაქმებულთა შრომის პირობების მონიტორინგი.

დავით სერგეენკომ აქცენტი გააკეთა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო პირობების შექმნას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში შრომითი დავების მედიაციის მექანიზმის დანერგვა, რამაც ხელი შეუწყო შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შექმნას.

დავით სერგეენკო თავის გამოსვლაში ასევე შეეხო დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოს მაძიებელთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები აქტიურად მონაწილეობენ სამინისტროს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პოტენციურ დამსაქმებლებთან სამუშაოს მაძიებელთა შეხვედრას და მათ დასაქმებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა