დიმიტრი ქუმსიშვილი - მთავრობის მიერ ექსპორტის წახალისების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოაქვს

მთავრობის მიერ ექსპორტის წახალისების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის წევრებს ექსპორტის მაჩვენებლები გააცნო.

მისი ინფორმაციით, 2017 წელს საკმაოდ კარგი მონაცემები გვქონდა ექსპორტის მაჩვენებლებში - 11 თვის განმავლობაში ექსპორტის 27%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„რა თქმა უნდა, ეს თავისით არ მომხდარა, მნიშვნელოვანი იყო სასაქონლო პროდუქციაზე ფასების ზრდა საგარეო მიმართულებით, თუმცა, დივერსიფიკაციას აშკარად აქვს ადგილი. საქართველოს მთავრობის მიერ ექსპორტის წახალისების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებს თავისი შედეგი მოაქვს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2017 წლის 11 თვეში ძალიან დიდი ზრდაა რამდენიმე პროდუქტის ექსპორტის მიმართულებით.

„გამოვყოფდი რამდენიმე პროდუქტს, რომლებსაც შეგვიძლია „ჩემპიონები“ დავარქვათ. ევროპის ახალი ბაზრის გახსნა აისახა ხილის და ბოსტნეულის პროდუქციაზე, მაგალითად, ჯემების ექსპორტის ზრდა 1476 %-ია. ეს ნიშნავს, რომ ბაზარი გაიხსნა და ვიღაცამ იქ მაღალი სტანდარტით დამზადებული პროდუქციის შეტანა მოახერხა. ძალიან საინტერესო მიმართულება იყო ცხვრის ხორცი, აქაც მოხდა პრაქტიკულად ახალი ბაზრების ათვისება და ექსპორტის ზრდამ 800 % შეადგინა. ასევე ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს ფეროშენადნობების მიმართულებითაც - 86%-იანი ზრდა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, 51%-იანი ზრდაა ყურძნის ნატურალური ღვინოების მიმართულებითაც.

„ჩინეთში 2017 წლის პირველ 10 თვეში 6,081 000 ბოთლი ღვინო შევიტანეთ, რაც 41%-იანი ზრდაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შესაძლებლობა გვექნება, რომ ქართული ღვინისთვის და სპირტიანი სასმელებისთვის ჩინეთი ნომერ პირველი ბაზარი გახდეს“, - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე განცხადებით, ზრდა ფიქსირდება მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ასევე სპირტიანი სასმელების, მადნების და კონცენტრანტების (33%), სასუქების (19%), უალკოჰოლო გაზიანი სასმელების (49%) მიმართულებითაც.

„რა თქმა უნდა, ექსპორტს ხელშეწყობა სჭირდება, რასაც საქართველოს მთავრობა აუცილებლად გააგრძელებს და წლიდან წლამდე ჩვენ ექსპორტის ზრდა გვექნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა