გიორგი კვირიკაშვილი - მინდა საზოგადოებას ზედმეტი ემოციებისთვის ბოდიში მოვუხადო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

„მოკლე განცხადებას გავაკეთებ. იქამდე, ვიდრე ჩვენ ვიქნებით დეპუტატები, თუ მთავრობის წევრები, თუნდაც პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ყველანი ვართ ადამიანები და ჩვენ ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. საზოგადოებას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ყველას არ ეხება ეს, შეძლო ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა და ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, იყო გამიზნული იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ზედმეტი იყო ეს ემოციები“, - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს "უნამუსო" და "კორუმპირებული" უწოდა.

"როგორც ძველი ბიჭი ისე "იქაჩები". შენ ხარ უნამუსო ადამიანი", - მიმართა მელიამ კვირიკაშვილს.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს".

"ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო: ”"ის არის ქუჩის ბიჭი" - კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხდა, მელიამ კი მას მორიგი ბრალი დასდო”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა