ქვეყნის მომავალთან მიმართებაში ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი არსებობს, პესიმიზმი ყველა შემთხვევაში თვითმკვლელობის ტოლფასია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფოლოსოფოს ზაზა ფირალიშვილი ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, აქტიურად განიხილება პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და გია გაჩეჩილაძეს შორის ტენდერებთან დაკავშირებით საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებები.

უკვე ცნობილია, რომ ”ქართულ ოცნების” დამფინანსებლებს შორის 30-მდე ბიზნესმენია, ვინც 2012 წლამდე ”ნაციონალებს” აფინანსებდნენ. იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ ფაქტია, რომ პარტიების დამფინანსებლებსა და შემდეგ ტენდერებში გამარჯვებულების ვინაობაში კარგა ხანი არაფერი შეიცვლება. მაგრამ, როგორც პრემიერ კვირიკაშვილის, ისე გია გაჩეჩილაძის განცხადებების ტონს თუ გავითვალისწინებთ, წესით, ამ ისტორიას კიდევ ექნება გაგრძელებები.

მოგეხსენებათ, პრემიერის გადადგომას გარკვეული ძალები კარგა ხანია ითხოვენ. ახლა აქტუალური თემაა - გია გაჩეჩილაძემ მხოლოდ მისი აზრი გაახმოვანა თუ სხვისიც. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება ეს ისტორია?

- როდესაც ბიზნესთან დაკავშირებულ პრობლემებს საჯარო სივრცეში განიხილავენ, ბუნებრივად ჩნდება აზრი, რომ საქმე მხოლოდ ბიზნესს არ ეხება. პრემიერის პასუხიც მოწმობს, მას კარგად ესმის, რომ მხოლოდ ტენდერებში არ არის საქმე და თავადვე გააჟღერა თანამდებობიდან გადადგომის თემა. ალბათ, სიმართლისაგან ძალიან შორი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ გარკვეული წრეები შეეცადნენ, ბატონი გია გაჩეჩილაძის ოჯახის ბიზნესინტერესები პოლიტიკურ კონტექსტში მოექციათ და მისი გულწრფელი აღშფოთება გამოიყენეს.

ალბათ, სიმართლისაგან ძალიან შორი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ გარკვეული წრეები შეეცადნენ, ბატონი გია გაჩეჩილაძის ოჯახის ბიზნესინტერესები პოლიტიკურ კონტექსტში მოექციათ და მისი გულწრფელი აღშფოთება გამოიყენეს

ხშირად გაისმის, რომ ტენდერებში უსამართლობა ბატონობს და ეს მნიშვნელოვნად აფერხებს ბიზნესის განვითარებას. ეს სფერო საზოგადოების და განსაკუთრებით ბიზნესწრეების მუდმივ სიფხიზლეს მოითხოვს. ამას დავუმატოთ ჩვენი მოხელეების დაუოკებელი მადა, დავუმატოთ ყოფითი კორუფციისა და კრიმინალის მობრუნების ნიშნები და ა.შ.

ყველაფერი ეს ნამდვილად არ მეტყველებს პრემიერის სასარგებლოდ. მაგრამ, მე მაინც ვიკითხავდი: ფლობდა კი ბატონი გიორგი იმ ბერკეტებს, რომლებიც მას რაიმეს გამოსწორების საშუალებას მისცემდა? საკადრო პოლიტიკა რომ მის ხელთ არ არის, ყველამ ვიცით - ანუ მას ხელიდან აქვს გამოცლილი ის უმნიშველოვანესი იარაღი, რომლითაც პროცესებზე გავლენის მოხდენა შეიძლება. მასზე ყველა განაწყენებულს აქვს შესაძლებლობა, მიმართოს იმას, ვინც რეალურად განაგებს საკადრო პოლიტიკას. ამიტომაც მგონია, რომ ბატონი გია გაჩეჩილაძის მიერ გახმაურებული ტენდერებთან დაკავშირებული ისტორია გაღვივებული იქნა არა იმდენად ვითარების გამოსწორების მიზნით, გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ცხადია, გარკვეული ბიზნესჯგუფები ამ შეტევით განსაკუთრებული მდგომარეობის მოპოვებასაც ცდილობენ.

ასე აღმოჩნდა ეს ისტორია ჩვენს წინააღმდეგ მომართული ჰიბრიდული ომის კონტექსტში. ეს ომი, სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს ხელი შეეწყოს, რომ ხელისუფლებიდან განიდევნოს ყველა, ვინც დასავლეთთან დაახლოების იდეას განასახიერებს

თავისი როლი ითამაშა საგარეო ორიენტაციის საკითხმაც. პუტინისტი პროპაგანდისტები სულ უფრო და უფრო ხშირად სდებენ ბრალს "ქართულ ოცნებას" „სოროსულობაში“, სულ უფრო და უფრო ხშირად ახსენებენ ამ კონტექსტში ბატონ გიორგი კვირიკაშვილსაც. სრულიად აშკარაა, რომ მისი როლი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისა და დასავლეთთან დაახლოების საქმეში საკმაოდ დიდია.

ასე აღმოჩნდა ეს ისტორია ჩვენს წინააღმდეგ მომართული ჰიბრიდული ომის კონტექსტში. ეს ომი, სხვა ყველაფერთან ერთად, გულისხმობს ხელი შეეწყოს, რომ ხელისუფლებიდან განიდევნოს ყველა, ვინც დასავლეთთან დაახლოების იდეას განასახიერებს.

- პარლამენტში ”ქართული ოცნება” ფუნქციონირებას წყვეტს, უმრავლესობა სამ ფრაქციას ქმნის. რა ხდება სახელისუფლო გუნდში?

- ალბათ, ხდება ის, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ასეთი ეკლექტური იდეოლოგიური და პოლიტიკური კონგლომერატი დიდხანს ვერ გაძლებდა.

მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი და ”ნაციონალების” სიძულვილი დიდხანს ვერ იქნება პოლიტიკური ერთიანობის განმსაზღვრელი. კიდევ დიდხანს გაძლეს ერთად იმ ადამიანებმა, ვისი ერთად ყოფნაც იმთავითვე პარადოქსი იყო

მხოლოდ ივანიშვილის ფაქტორი და ”ნაციონალების” სიძულვილი დიდხანს ვერ იქნება პოლიტიკური ერთიანობის განმსაზღვრელი. კიდევ დიდხანს გაძლეს ერთად იმ ადამიანებმა, ვისი ერთად ყოფნაც იმთავითვე პარადოქსი იყო. მხოლოდ კულტურულ და ინტელექტუალურ განსხვავებას არ ვგულისხმობ. თანდათან იკვეთება სხვადასხვა ჯგუფების განსხვავებული ბიზნესინტერესებიც და, როგორც ჩანს, კატალიზატორის როლი სწორედ ამან ითამაშა.

- ოპოზიციისთვის ადგილობრივი არჩევნები სავალალო შედეგებით დასრულდა. თქვენი აზრით, რა ხდება ოპოზიციაში არჩევნების შემდეგ?

- ოპოზიციაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ნაკლებად ჩანს იმის იმედი, რომ არსებული რესურსებით რაიმე სერიოზული კონფიგურაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს. როგორც ჩანს, ისევ მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესები თუ მოახდენს რაიმე გავლენას, თუმცა ამის შემძლე ფიგურები იქაც ნაკლებად ჩანან. ახლანდელი მდგომარეობით, ოპოზიციას რეალურ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მისი მოქმედება თანხვედრაში იქნება რომელიმე დიდი, თუნდაც, უცხოური ძალის ინტერესებთან. აქედანაა ჩვენი მცირე პარტიების ხშირი ვოიაჟები უცხოეთში, მათი იდეოლოგიური თუ პოლიტიკური სალტო მორტალეები და ა.შ.

ოპოზიციაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ნაკლებად ჩანს იმის იმედი, რომ არსებული რესურსებით რაიმე სერიოზული კონფიგურაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს

ძირითად ოპოზიციურ ძალად, თავისი აქტიურობის წყალობით, "ნაციონალური მოძრაობა" რჩება. ისინი კი, როგორც ჩანს, თავის იმედებს თითქმის მთლიანად უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მოქმედების ერთგვარ კლონირებაზე აგებენ. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს. ცხადია, სააკაშვილის უკრაინაში წარმატება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მისი მომხრეების მობილიზებას. შეიძლება მათი ოდენობა ერთგვარად გაიზარდოს კიდეც, მაგრამ ვფიქრობ, გამარჯვებისათვის ეს არ იქნება საკმარისი. ზედმეტად ბევრი ადამიანი და ბევრი ოჯახია, ვის ბედზეც სააკაშვილის ეპოქამ მძიმე კვალი დატოვა და ეს კვალი ასე იოლად არ გაქრება.

დღეს ოპოზიციაში არ ჩანს ისეთი ძალა, რომელსაც ”ნაციონალებისათვის” ინიციატივის წართმევა შეუძლია. საინფორმაციო ველს ისევ ნაციონალები ფლობენ. არადა, მათი რეიტინგი ძნელად თუ დაიძვრება მკვდარი წერტილიდან.

დამოუკიდებლად მოქმედება უჭირს ”შენების მოძრაობას”. მისთვის დამახასიათებელი აკადემიზმი გამორიცხავს იმ ავანტიურიზმსა და გარეგან ეფექტებზე გათვლილ აქციებს, რომელთა გარეშეც პოლიტიკური ცხოვრება, სამწუხაროდ, არ არსებობს. იმედი მაქვს, ისინი არ შეეგუებიან ერთგვარი „ინტელექტუალური დამატების“ როლს.

დღეს ოპოზიციაში არ ჩანს ისეთი ძალა, რომელსაც ”ნაციონალებისათვის” ინიციატივის წართმევა შეუძლია. საინფორმაციო ველს ისევ ნაციონალები ფლობენ. არადა, მათი რეიტინგი ძნელად თუ დაიძვრება მკვდარი წერტილიდან

არადა, გამოცდილებამ უკვე მრავალჯერ დაგვარწმუნა, თუ რა უბედურებაა ქვეყნისათვის სუსტი ან მმართველთა მიერ კულუარებში შექმნილი ოპოზიცია.

- 2017 წელი მალე დასრულდება. მიმდინარე წელს ქვეყანა რამდენჯერმე გადაურჩა ქვეყნისათვის საფრთხის შემცველი პროცესების ”გადახურებას”. მართალია, წლის დასრულებამდე ჯერ საკმაო დროა, მაგრამ ალბათ უკვე შესაძლებელია იმაზეც ვიმსჯელოთ, თუ როგორი იყო ქვეყნისთვის 2017 წელი.

თქვენ როგორ შეაფასებდით 2017 წელს, როგორი იყო იგი ქვეყნისთვის პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით?

- აჯობებს, თუ ეკონომიკაზე პროფესიონალები იმსჯელებენ. თუ მაინც აღვნიშნავდი რამეს, პირველ რიგში, ესაა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის ამოქმედება, ანაკლიის პორტის წინა პლანზე წამოწევა. ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ეს ორივე მოვლენა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენს როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ცხოვრებაში. შემთხვევითი არ არის, რომ რუსულ მასმედიაში მძაფრი რეაქცია ჰქონდათ რკინიგზის ამოქმედების გამო.

პატრიარქმა თავისი თანამოსაყდრე დაასახელა და ის შერჩეული იქნა არა პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ნიშნით, რის მოლოდინშიც ბევრი იყო, არამედ - თეოლოგიური კომპეტენციისა. ამით, პატრიარქმა ეკლესიის თეოლოგიური ფუნქციის პრიმატს გაუსვა ხაზი

წლევანდელი ადგილობრივი არჩევნები მკვეთრად განსხვავდებოდა ადრინდელებისაგან იმით, რომ ამჯერად უმეტესად ყურადღების ცენტრში სწორედ რომ ადგილობრივი პრობლემები იყო და არა გეოპოლიტიკური, მსოფლმხედველობრივი და ა.შ. უთუოდ პოზიტიური მოვლენაა, რომ თბილისის ახალი მერი გაცილებით მეტი ცნობადობითა და სიმპათიით სარგებლობს, ვიდრე მისი წინამორბედი და, ამდენად, ლეგიტიმურობის მეტი ხარისხი აქვს. ბატონი დავით ნარმანია ძალიან კარგი სპეციალისტი და პოზიტიური პიროვნებაა, მაგრამ თბილისის მერად მისი განწესება მხოლოდ ვიღაცის ჭირვეული ნებით თუ შეიძლება აიხსნას. ბატონი კახი კალაძე უფრო ადექვატური ჩანს თავისი თანამდებობისათვის.

გავიხსენებდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას. პატრიარქმა თავისი თანამოსაყდრე დაასახელა და ის შერჩეული იქნა არა პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ნიშნით, რის მოლოდინშიც ბევრი იყო, არამედ - თეოლოგიური კომპეტენციისა.

საგარეო პოლიტიკის მიღწევებია: თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა, ანაკლიის პორტის საკითხის წამოწევა, უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების წინა პლანზე წამოწევა და ა.შ.

ამით, პატრიარქმა ეკლესიის თეოლოგიური ფუნქციის პრიმატს გაუსვა ხაზი. როგორც ჩანს ეკლესიის შიდა ცხოვრების მომავალზე მკვეთრი გავლენა ექნება ციანიდთან დაკავშირებულ სკანდალს.

- თქვენი დაკვირვებით, 2017 წელს ხელისუფლება ქვეყნისათვის და მისთვის რომელ გამოწვევას გაუმკლავდა მეტ-ნაკლები წარმატებით, რომელს ვერა და შესაბამისად, რა შეიძლება ჩაითვალოს მისთვის საშინაო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევებად?

ჩვენმა სახელმწიფოებრივმა მანქანამ წარმატებით ჩააბარა წლევანდელი წლის ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას ვგულისხმობ. ყველაფერი გაკეთდა ისე, რომ მოსახლეობაც და სპეცრაზმელებიც მინიმალურად დაზარალებულიყვნენ. გარდა ამისა, ხანგძლივი მოლაპარაკებებითა და ტერორისტებთან დაკავშირებულ ადამიანებთან კონტაქტით ისიც მიღწეული იქნა, რომ ამ ოპერაციას მომავალში არ უნდა ჰქონდეს დიდი გამოძახილი. კავკასიელებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი კაპიტალი დაგვიტოვეს ედუარდ შევარდნაძემაც ლტოლვილი ჩეჩნების შემოშვებით და სააკაშვილმაც ჩერქეზების გენოციდის აღიარებით. ნუ დავუკარგავთ ნურც ერთს და ნურც მეორეს ამ დამსახურებას.

- თქვენი აზრით, რა შეიძლება ჩაითვალოს მიმდინარე წლის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევად ან მიღწევებად?

- ასეთი რამდენიმეა: თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის გახსნა, ანაკლიის პორტის საკითხის წამოწევა, უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების წინა პლანზე წამოწევა და ა.შ.

კარგია, რომ ქართულმა დიპლომატიამ გამოსავალი მოძებნა და ჩვენს წარმომადგენლობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია

ყველაზე მწვავე გამოწვევა სწორედ წლის მიწურულში გაჩნდა. იერუსალიმის სტატუსს ვგულისხმობ. ტრამპი ბიზნესმენია და, როგორც რაიმე სფეროში ზეწარმატებულ ადამიანებს მოსდით, უჭირს დაიჯეროს, რომ პოლიტიკა მისთვის ჩვეულისაგან განსხვავებულ რიტორიკას მოითხოვს. ამერიკის დახმარების მოხსნით დაემუქრა იმ ქვეყნებს, ვინც აშშ-ს გაერო-ში იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით მხარს არ დაუჭერს. პოლიტიკაში ასეთი რამ შანტაჟად აღიქმება. უშიშროების საბჭომ ტრამპის გადაწყვეტილების საწინააღმდეგო დადგენილება მიიღო, რაც სერიოზული დარტყმაა მისი ავტორიტეტისათვის.

კარგია, რომ ქართულმა დიპლომატიამ გამოსავალი მოძებნა და ჩვენს წარმომადგენლობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

როგორც ჩანს, ჩვენი ევროპული პერსპექტივა მით უფრო იზრდება, რაც უფრო შიშვლდება რუსული გლობალური პრეტენზიები და ის, რომ ეს ქვეყანა კვლავ და კვლავ განსაკუთრებული ისტორიული გზის ილუზიის ტყვეობაშია

აქვე მახსენდება იოანე-პავლე მეორის განცხადება იერუსალიმის შესახებ. მისი წინადადება იყო, რომ ეს რამდენიმე რელიგიისათვის წმინდა ქალაქი უშუალოდ გაეროს დაქვემდებარებაში გადასულიყო.

- პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” წევრებთან ერთად, 2020 წლისათვის ევროკავშირთან დაახლოების 20 ახალი მიზანი დაისახეს. მეტიც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკას შეიმუშავებს. გასაგებია, რომ საქართველოს ამბიციები ცდება ევროკავშირთან ასოცირების პროცესს, ჩვენ მზად ვართ ცალმხრივად უფრო მეტი გავაკეთოთ ევროპასთან ინტეგრაციის მაქსიმალური დონის მისაღწევად, მაგრამ, თქვენი აზრით, რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება ჩვენი საგარეო ევროპული პერსპექტივები?

- როგორც ჩანს, ჩვენი ევროპული პერსპექტივა მით უფრო იზრდება, რაც უფრო შიშვლდება რუსული გლობალური პრეტენზიები და ის, რომ ეს ქვეყანა კვლავ და კვლავ განსაკუთრებული ისტორიული გზის ილუზიის ტყვეობაშია. ალექსანდრე ნეველი ეგუებოდა მონღოლებს და ებრძოდა ჯვაროსნებს. დღევანდელი რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტიც მზად არის, აღმოსავლეთ ციმბირის ტერიტორიებზე ჩინურ დემოგრაფიულ ექსპანსიაზე თვალი დახუჭოს, ოღონდ კი ჩინეთის ხელმძღვანელობა ანტიევროპულ და ანტიამერიკულ ალიანსზე დაითანხმოს. რაციონალური დიალოგი ბოლო ათწლეულების ევროპული ილუზია იყო. რაც უფრო მკაფიოდ იკვეთება რუსული იმპერიული რევანშიზმის კონტურები, მით მეტად იკლებს რუსეთთან საერთო ენის მოძებნის შანსი და მით მეტად მატულობს ჩვენი და ჩვენისთანების ევროპული პერსპექტივა. რუსეთთან რაციონალური დიალოგის გამართვის იმედმა დასავლეთს ჩვენს სატკივარზე თვალი შეიძლება დაახუჭინოს.

დააკვირდით, რა გულმოდგინედ მოითხოვენ აფხაზები, რომ გაუქმდეს ოკუპაციის შესახებ კანონი და რომ აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიად აღარ მოვიხსენიოთ. სხვაგვარად ჩვენს შეხვედრებს აზრი ეკარგებაო... დიალოგი არ არის ის, რის გამოც ნებისმიერ დათმობაზე შეიძლება წასვლა

პუტინი უარს ვეღარ იტყვის იმ იმპერიულ დისკურსზე, რომლის გაღვიძებაზეც თავადვე ამდენი იზრუნა. ეს მისთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. თანაც, ნეოიმპერიული რიტორიკა მასაც და მის გარემოცვასაც ქვეყნის რეალური პრობლემების შენიღბვის საშუალებას აძლევს. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს ჩვენი შანსები გაზრდილია, თუმცა მისი გამოყენება საკმაოდ დახვეწილ პოლიტიკურ ტექნიკას მოითხოვს.

- საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევად რუსეთი რჩება. ცხადია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა ურთიერთობა იქნება აშშ-სა და რუსეთს, ევროპასა და რუსეთს შორის. ასევე, როგორ განვითარდება პროცესები რუსეთსა და უკრაინას შორის.

თქვენი დაკვირვებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ანუ იმის შემდეგ, რაც 2018 წლის გაზაფხულზე პუტინი რუსეთის პრეზიდენტი 2024 წლამდე გახდება, როგორი და რა ტიპის რუსული საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩდეს საქართველო?

არა მგონია, პუტინის კიდევ ერთი არჩევით რაიმე მკვეთრად შეიცვალოს. დარწმუნებული ვარ, თუ რაღაც განსაკუთრებული გარემოება არ იქნა, რუსეთი სამხედრო ძალის გამოყენებაზე აღარ წავა. უკრაინული ავანტიურის ფასი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ახალ სატკივარს აღარ გაიჩენენ. დღევანდელი რუსული სტრატეგია ამჟამინდელი მდგომარეობის ლეგალიზების მცდელობით ამოიწურება. დღეს მათ მეტის მიღწევა შეუძლიათ საინფორმაციო ომით, მუსლიმი ტერორისტების მოქმედების არეალის განვრცობით, ეკოლოგიური დარტყმებით და ა.შ.

დააკვირდით, რა გულმოდგინედ მოითხოვენ აფხაზები, რომ გაუქმდეს ოკუპაციის შესახებ კანონი და რომ აფხაზეთი ოკუპირებულ ტერიტორიად აღარ მოვიხსენიოთ. სხვაგვარად ჩვენს შეხვედრებს აზრი ეკარგებაო. საკმარისია, ეს შეცდომა დავუშვათ, რომ უკანა პლანზე გადადის რუსეთი, როგორც დღევანდელი მდგომარეობის შემოქმედი, ხოლო აფხაზს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში გამარჯვებულის პოზიციიდან დაგველაპარაკოს. რუსეთიც ტვირთს მოიცილებს და მშვიდად განაგრძობს აფხაზების ასიმილირებას და ტერიტორიის ათვისებას.

ვერავითარი ჰიბრიდული თუ რაიმე სხვაგვარი ომი ვერაფერს დაგვაკლებდა, თავად ჩვენში რომ არსებობდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი თუნდაც ისეთი ცხადი გარემოებების გამო, როგორიცაა სატრანზიტო გზების არსებობა

დიალოგი არ არის ის, რის გამოც ნებისმიერ დათმობაზე შეიძლება წასვლა, თუნდაც ამისაკენ ვინმე მოგვიწოდებდეს და ღონისძიებებსაც გვიფინანსებდეს. კარგად თუ გავქექავთ, ამ დაფინანსების მიღმა შეიძლება "გაზპრომის" კონტურებიც შევამჩნიოთ. არ შეიძლება აფხაზური და ოსური საზოგადოებების წარმომადგენლებთან უფრო კომფორტული შეხვედრის პერსპექტივები მთავარ კრიტერიუმად ვაქციოთ. ასე მხოლოდ სავალალო შედეგები შეიძლება მივიღოთ. არის რაღაც ზღვარი, რომლის გადაბიჯებაც არ შეიძლება.

ეს რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ კონკრეტულ საფრთხეს. ზოგადი საფრთხეები კი ისევ ისაა, რაც ჯერ კიდევ ამ ოციოდე წლის წინ იყო და რასაც დღეს რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი შევარქვით.

ვერავითარი ჰიბრიდული თუ რაიმე სხვაგვარი ომი ვერაფერს დაგვაკლებდა, თავად ჩვენში რომ არსებობდეს საზოგადოებრივი კონსენსუსი თუნდაც ისეთი ცხადი გარემოებების გამო, როგორიცაა სატრანზიტო გზების არსებობა. მუდმივი საინფორმაციო ქაოსი შეუძლებელს ხდის თანხმობას არა მხოლოდ კონცეფციების, არამედ ფაქტების გამოც და ამის ნიმუშია, თუნდაც, კამათი ტერმინი „ოკუპაციის“ შესახებ და ის რომ სრულიად სერიოზულ ადამიანებს შეუძლიათ თქვან: ამერიკაც ოკუპანტიაო, ამას დაუმატეთ მაქსიმალისტური მოლოდინებისა და სრული იმედგაცრუების მუდმივი ურთიერთმონაცვლეობა, სამოქალაქო ომის ზღვართან ყოფნის უწყვეტი რეჟიმი, სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზანდასახულებებით მსგავსი, ზოგჯერ კი ერთგვაროვანი პოლიტიკური ძალები საერთო ენას და საერთო პოლიტიკურ პლატფორმას ვერ პოულობენ, ფეოდალური პოლიტიკური პლურალიზმი, პესიმიზმის კულტივირება და უბედურების ნიღაბი და ბევრი სხვა რამ, რასაც რუსული პოლიტიკა ოსტატურად იყენებს.

ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ბევრი რამ დაიძრა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით, ბევრ რამეს მივაღწიეთ

ეს ინტერვიუ წინასაახალწლოდ ქვეყნდება და აუცილებლად უნდა დავამატო: როგორც ჩანს, ჩვენ თანდათან ვაღწევთ თავს იმ ეგზისტენციალურ შოკს, რომელშიც 90-იანი წლების დასაწყისში აღმოვჩნდით - ჩვენ ხომ მაშინ „დავბრუნდით“ სამყაროში რომლის შესახებაც მხოლოდ შორეულად თუ რამე ვიცოდით. ჩვენი მორაგბეების, ძიუდოისტების, ლაშა ტალახაძის, ნათია თოდუას თუ უკვე საკმაოდ ბევრი მეცნიერის და სხვათა წარმატებები არ გახლავთ მხოლოდ ცალკეული ადამიანებისა თუ გუნდების მონაპოვარი.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანდათან „ვხედავთ“ ჩვენს ადგილს ამ სამყაროში, ჩვენში ის ძალები იღვიძებს, რომელთა წყალობითაც ამ რთულ, მრავალსახა და ხშირად ულმობელ სამყაროში ღირსეულ არსებობას შევძლებთ; რომ ჩვენში საკმარისი ენერგიაა საიმისოდ, თავი დავაღწიოთ ჩვენივე შინაურების აგრესიულ უმეცრებასა და ყველა სფეროში გაბატონებულ უუნარო ბომონდს; თავი შეგვიძლია დავაღწიოთ გარეულთა საუკუნეების განმავლობაში დახვეწილ იმპერიულ ხრიკებს და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვართ, ჩვენ ვარსებობთ და ამას წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენ ვერც ნაციონალისტურმა თუ პოლიტკორექტულმა დოქტრინერებმა დაგვაკლეს ვერაფერი, ასე გულმოდგინედ რომ ცდილობენ ჩვენს მოთავსებას იდეოლოგიურ პროკრუსტეს სარეცელებში.

ცარიზმისა და ბოლშევიზმის შემდეგ ბარე ორი ხალხი ვერ გაუძლებდა ზედიზედ წაგებული ომებისა და დაკარგული ტერიტორიების, უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვების, პოლიტიკური კლასის უუნარობის, ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური სინამდვილის გამო დაბნეულობის სიმძიმეს.

არა მხოლოდ გავუძელით, არც გავბოროტებულვართ და ისიც განვაცხადეთ, რომ ჩვენი საბინადრო მთელი სამყაროა და არა მხოლოდ ლაგერების მორალითა და კორუფციით დასნეულებული ჩრდილო მეზობლის მითიური „რუსული სინამდვილე“.

იმედი მაქვს, რომ 2018 წელს ჩვენ შევძლებთ საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევას თუნდაც იმაში, რომ ჩვენს ყველა ყოფილ თუ ახლანდელ მმართველში ბოროტების გარდა, სიკეთსაც დავინახავთ და ამით საკუთარ თავს გამოვუცხადებთ მეტ პატივისცემას და ნდობას.

რაც მთავარია, დავინახავთ, რომ ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ბევრი რამ დაიძრა და, პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით, ბევრ რამეს მივაღწიეთ. როდესაც ადამიანს ვირჩევთ, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ძლიერი და გონივრული საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე იგი აუცილებლად აღმოჩნდება ჩიხში, თავისი თავის ნეგატიურ განმეორებას დაიწყებს და ის, რაც სიკეთე იყო, მწარე სინამდვილედ შემოგვიბრუნდება.

მოკლედ, ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველი არსებობს. პესიმიზმი ყველა შემთხვევაში თვითმკვლელობის ტოლფასია. სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილიო, ამბობდნენ გალები.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა