ქმრის მიერ მოკლული მარიკა წივწივაძის დედას, შინაგან საქმეთა სამინისტრო მორალურ ზიანს აუნაზღაურებს, ხოლო გარდაცვლილი ქალის შვილებს, სრულწლოვანებამდე ყოველთვიურ სარჩოს გადაუხდის. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქმის ადვოკატმა, სოფო გოგიშვილმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
გოგიშვილის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელის მხარის მოთხოვნა და შს სამინისტროს, რომელმაც იცოდა, რომ მარიკა წივწივაძე ძალადობას ექვემდებარებოდა და მის დასაცავად არაჯეროვანი ქმედებები განახორციელა, პასუხისმგებლობა დააკისრა.
“საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გარდაცვლილ მარიკა წივწივაძის დედის, თალიკო თხელიძის სარჩელი, რომელიც ითვალისწინებდა შს სამინისტროს მხრიდან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ უწყების თანამშრომლები, პოლიციელები არაჯეროვნად რეაგირებდნენ მარიკა წივწივაძის მიერ გამოძახებებთან დაკავშირებით. ფიქსირდება 6 გამოძახება, თუმცა, არ იყო შემაკავებელი ორდერი გაცემული და არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა მოძალადის მიმართ. ჯერჯერობით მოსმართლის დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გვაქვს ჩაბარებული და არ ვიცით, რას დაეყრდნო მოსამართლე, მაგრამ შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისთვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე“, - განაცხადა სოფო გოგიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საქმის მასალები, გადაგზავნილია სტრასბურგის სასამართლოშიც, ვინაიდან მომჩივანი ფიქრობს, რომ ეს იყო სისტემური დანაშაულის მორიგი გამოვლინება, რომელზე პასუხისმგებელიც სახელმწიფოა.
შეგახსენებთ, 2014 წლის 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, მარიკა წივწივაძე, ყოფილმა მეუღლემ ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.