სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი სვეტლანა მაისურაძე მთავარ პროკურატურასთან პროტესტის ნიშნად შიმშილობს

ვიცე-პოლკოვნიკი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი სვეტლანა მაისურაძე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სვეტლანა მაისურაძემ განუცხადა, შიმშილობის ფორმას მიმართა იმიტომ, რომ „ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მის საქმეზე ობიექტური გამოძიება არ მიმდინარეობს“. სვეტლანა მაისურაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ის სასჯელაღსულების დეპარტამენტიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა დააკავეს, სასამართლომ კი 26 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მაისურაძის თქმით, დაკავების შემდეგ კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა ბაჩო ახალაიას დავალებით, მისი ქონების ნაწილი უკანონოდ მიითვისეს.

აქედან გამომდინარე, სვეტლანა მაისურაძის განცხადებით, ვინაიდან ის არის დაზარალებული, თუმცა, მის საქმეზე მოქმედი ხელისუფლების პირობებში გამოძიება არაობიექტურია, ითხოვს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ნადარეიშვილის გადადგომას. სვეტლანა მაისურაძე მიიჩნევს, რომ მისთვის უცნობია, რატომ არ ტარდება ობიექტური გამოძიება და „ვის დავალებას ასრულებს ნადარეიშვილი“.

„შიმშილობა დავიწყე დღეს, 12:00 საათზე, მთავარ პროკურატურასთან. ამის მიზეზი არის ის, რომ სამართლიანობას ვერ ვპოულობ. ამ ხელისუფლების პირობებში ციხიდან სამართლიანად გამომიშვეს, მაგრამ მიხელ სააკაშვილის მთავრობის „ნარჩენები“ არიან თანამდებობებზე. ჩემზე დღემდე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და ამის მტკიცებულებებიც გამაჩნია. თანამდებობაზე არის ლევან გეგეჭკორი, რომელიც ამჟამად ქვემო ქართლის პროკურატურაში პროკურორად მუშაობს. წინა ხელისუფლების დროს ჩემი დედმამიშვილების საცხოვრებელი ბინა პირადად გეგეჭკორმა უკანონოდ წამართვა. ამაზე ბრძანება კი ბაჩანა ახალაიასგან ჰქონდა. როგორც ცნობილია, სწორედ ბაჩანა ახალაიას მსხვერპლი ვარ. ზეწოლაში ასევე ვადანაშაულებ შალვა ბოდოიძეს. როდესაც სამსახურიდან გავთავისუფლდი, ის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსი იყო. ჩემს საქმეზე კი გამოძიება მანამდე არ დაიწყო, ვიდრე ეს პიროვნება სამსახურიდან არ გათავისუფლდა. სწორედ ამ ორი პიროვნების დავალების მეშვეობით სასამართლომ 26 წლისა და 6 თვის ვადით სასჯელი მომცა. თუმცა აქედან 4 წელი და 3 თვე მოვიხადე. მას შემდეგ ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლიანობისთვის ვიბრძვი. ასევე, პრეტენზიები მაქვს პროკურორების, რევაზ ნადოისა და ირაკლი ნადარეიშვილის მიმართ. შესაძლოა ირაკლი ნადარეიშვილი არაფერშუაშია, თუმცა, მაინტერესებს ვის დავალებას ასრულებს. ჩემ საწინააღმდეგოდ ე.წ. დაზარალებულები დაკითხეს, რომლებმაც ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს. გამოძიება არასწორად მიმდინარეობს და ამაში ირაკლი ნადარეიშვილს ვადანაშაულებ, რის გამოც მის გადადგომას ვითხოვ“, - განაცხადა სვეტლანა მაისურაძემ.

მისივე განმარტებით, პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლებმა თხოვნით დღესვე მიმართეს, რომ შიმშილობა შეეწყვიტა და დაჰპირდნენ, რომ მისი საქმით დაინტერესდებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა