ბათუმის სასამართლო ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე გადაწყვეტილებას 8 იანვარს გამოაცხადებს

11-12 მარტს, ბათუმში პოლიციის წინააღმდეგ გამართულ აქციის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში ბრალდებულების, ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეში დასკვნითი სიტყვა დასრულდა. დღეს სასამართლომ ბრალდებულ მერაბ ღოღობერიძის დაცვის მხარეს მოუსმინა, რის შემდეგაც ბრალდების მხარემ რეპლიკა წარმოთქვა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი პაატა შავაძე აცხადებს, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმეების ჩვენებების საფუძველზე მერაბ ღოღობერიძის ბრალეულობა არ დასტურდება.

დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვა ბრალდებულმა მერაბ ღოღობერიძემაც წარმოთქვა, იგი საგამოძიებო ორგანოების მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

”დარწმუნებული ვარ, რომ არ მომისჯიან. 8 თვის განმავლობაში რეალურად დავინახე თუ რა არის პროკურატურა და პოლიცია. "ქართულ ოცნებას" მხარს ვუჭერდი, დღეს კი ბატონი პროკურორი ბრალს მიყენებს. საქართველოში მოქმედ ყველა დიპლომატიურ კორპუსს მივმართე და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ობიექტური იქნება. ირაკლი ჩხვირკიას არ ვიცნობ, ის პირველად გადაცემაში ვნახე. მე ვიცი, რომ ირაკლი ჩხვირკია უდანაშაულოა. ჩხვირკია ადამიანია და გამოხატავს თავის პოზიციას. ხელისუფლებამ გამანადგურა. ვამტყუნებ პროკურატურას, რომ ის შეგნებულად ამტკიცებდა ჩემს დანაშაულს. ყველას მოეთხოვება თავისი დანაშაული. ეს დანაშაული არ ჩამიდენია",- განაცხადა მერაბ ღოღობერიძემ

პროკურორმა რამაზ შავაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ დაცვის მხარე მიზანმიმართულად უტრირებას აკეთებს მტკიცებულებებზე.

"თუ მერაბ ღოღობერიძე არაფერ შუაში იყო, მას პოლიცია აქციის დაშლას რატომ სთხოვდა? დაცვის მხარე ამბობს, რომ წინასწარი შეთანხმება სად იყოო?!, სსკ-ის 225-ე მუხლს წინასწარი შეთანხმება არ სჭირდება. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება კი არ უნდა გასცდეს საზღვრებს. ვიდეო კადრები სასამართლოს განჩინების საფუძველზე არის წარმოდგენილი და მჯერა, რომ აღნიშნულ მტკიცებულებას სასამართლო გაიზიარებს და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. მერაბ ღოღობერიძე ადმინისტრაციული წესით არაერთხელ არის დაკავებული. მოცემულ "სისხლის სამართლის" საქმეზე 21 პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. ჩვენ ნათლად აღვწერეთ ყველა სტატუსი, რაც ”ფეისბუქზე” იყო განთავსებული. სოციალური ქსელი ძლიერი ინსტრუმენტია. დაცვის მხარე მიზანმიმართულად უტრირებას აკეთებს მტკიცებულებებზე. სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, რომ შეფასება მისცეს ჩვენებებს. ირაკლი ჩხვირკია ამბობს, რომ აქციაზე მის მისვლამდე 5 მანქანა დაიწვა, რეალურად 7 მანქანა დაიწვა. წარმოდგენილ კადრებში კარგად ჩანს ირაკლი ჩხვირკიას მოქმედებები. კადრებში ჩანს, რომ როდესაც ძალადობრივი მოქმედებები ხდება, ირაკლი ჩხვირკია კომენტარს აკეთებს”, - განაცხადა რამაზ შავაძემ.

გამოძიება ბრალდებულებს ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძე 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებსა და ხელმძღვანელობას ედავება. აღნიშნული "სისხლის სამართლის საქმის განხილვა" 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 8 იანვარს 15:00 საათზე ბათუმის საქალაქო სასამართლო ბრალდებულებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს