გია ხუხაშვილი 2018 წლისთვის მთავარ გამოწვევებად გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობას და ტერორისტულ საფრთხეებს ასახელებს

ექსპერტი გია ხუხაშვილი 2018 წლისთვის საქართველოს მთავარ გამოწვევებად გაუარესებულ სოციალურ მდგომარეობას და ტერორისტულ საფრთხეებს ასახელებს.

ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ შეაფასა გასული წლის პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები, რომლებიც სამ ძირითად ბლოკად დაყო.

„შიდა პოლიტიკაში ძირითადი თემა გახლდათ არჩევნები, რომელიც ფრედ დამთავრდა, გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ფაქტობრივად ჩამოშორდა არჩევნებს. შესაბამისად, მიიღეს დაბალი აქტივობა და ასეთ პირობებში ძირითადად იგებს რესურსები. რესურსების ომში, ბუნებრივია, ხელისუფლებამ უპირობოდ გაიმარჯვა.

მეორე შიდა პოლიტიკური მნიშვნელოვანი პროცესი გახლდათ საკონსტიტუციო პროცესი. მთელ კონსტიტუციაში, ალბათ, ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ ორი ფუნდამენტური საკითხი დემოკრატიული პროცესის განვითარების თვალსაზრისით იქნა ჩაგდებული. ეს იყო პრეზიდენტის არჩევნების წესის შეცვლა და პროპორციული არჩევნების გადავადება.

რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს, სამწუხაროდ, ჩვენ სტაგნაციის პერიოდში ვართ. სოციალური რისკები, ნაცვლად იმისა, რომ შემცირდეს, ყოველდღიურად იზრდება. ეს ხდება ლარის გაუფასურების ფონზე და როგორც მომხმარებელი ქვეყნისთვის, სამომხმარებლო კალათაზე ძალიან მძიმედ აისახება. წლის ბოლოს ამას დაემატა ტარიფების ზრდა, რამაც საშუალო სტატისტიკური ქართველის სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა. ეს რისკი და გამოწვევა არის 2018 წლისთვის მთავარი გამოწვევა, ჩემი აზრით, რადგან ეკონომიკაში სწრაფი წინსვლის გარეშე ამ რისკების შემცირებას უბრალოდ პერსპექტივა არა აქვს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ გარკვეულწილად შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს ეს წელი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთ ნაბიჯი გადავდგით წინ ევროინტეგრაციის გზაზე, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

არის კიდევ უსაფრთხოების თემა, სადაც პრინციპში ძალიან შემაშფოთებელი ტენდენციები გამოიკვეთა. ჩვენ თუ აქამდე დაცულად ვგრძნობდით თავს და მიგვაჩნდა საფუძვლიანად, რომ არ ვიყავით ტერორისტულ რუკაზე, უცებ აღმოვჩნდით და რაც სამწუხაროა, აღმოვჩნდით ეპიცენტრში. შესაბამისია პროგნოზები 2018 წელსაც ჩემი მხრიდან - ტერორისტულ საფრთხეებთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა და სამართალდამცავმა სისტემამ, სპეცსამსახურებმა ძალიან აქტიურად უნდა იმუშაონ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

წლის შეჯამებისას გია ხუხაშვილმა ასევე აღნიშნა პრემიერ-მინისტრის საკითხი და აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა მთელი თავისი იმიჯი, რომ ის კეთილბუნებოვანი ადამიანია, დაანგრია და ფაქტობრივად, კეთილი მოლოცვა გამოუვიდა წლის ბოლოს, რამაც სისტემურად, როგორც პოლიტიკოსი, ის დაასრულა.

„სამწუხაროა, რომ ყველაფერი ის, რაც შექმნა, თავზე დაიმხო. თუმცა ეს მისი პირადი დრამაა და შეიძლება ქვეყნისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდეს“, - დასძინა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება მოლოდინებს 2018 წლისთვის, გია ხუხაშვილის აზრით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გარღვევა ვერ მოხდება.

„სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან არ ველოდები, რომ განსაკუთრებული უკეთესობა იქნება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს ასე ყოფილიყო. რაც შეეხება შიდა პოლიტიკას, არის მოთხოვნილება მესამე პოლიტიკურ ცენტრზე. საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და თუ მოხდება ფორმირება, ეს დემოკრატიისთვის ცუდი არ იქნება, თუმცა ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა