შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1972 წელს დაბადებული ს.ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

”გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით”, - ნათქვამია სამინისტროს განცხდებაში.