თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გასაცნობად საავადმყოფოში „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი მივიდა

საავადმყოფოში, სადაც ამ დროისთვის მკურნალობას პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გადის, ოჯახთან შესახვედრად „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში იმიტომ მივიდა, რომ შეხვდეს ოჯახს და ასევე შეისწავლოს საქმე, სადაც, მისი თქმით, რამდენიმე სამართლებრივი პრობლემა და კითხვები იკვეთება.

მიქელაძის განმარტებით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი თბილისში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ სოლტახმადოვთან და დაკავებულ ბორძიევთან ერთად გადაადგილდება, მაჩალიკაშვილის ბრალეულობას არ ამტკიცებს. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალი არ აქვს წარდგენილი, თუმცა სახელმწიფო მის დანაშაულზე მაინც საუბრობს, ეს კი, მიქელაძის თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. თამთა მიქელაძის განმარტებით, EMC ამ საქმეს მონიტორინგს უწევს, თუმცა როდის ჩაერთვება ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია.

„ერთი მხრივ, უნდა ითქვას, რომ მთავარი შეკითხვა რომელიც საზოგადოებას გვაქვს სახელმწიფოს მიმართ, ეს არის მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის აუცილებლობისა და პროპორციულობის საკითხი. ამ დრომდე ნათელი და მკაფიო პასუხები, მათ შორის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიებიდან ჩვენ არ გვაქვს. ასევე, მთელი ამ დროის განმავლობაში მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებას აქვს, ეს არის ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობის და პროპორციულობის საკითხი. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ კითხვებს უპასუხოს, ის ლაპარაკობს და აქვეყნებს გარკვეულ მტკიცებულებებს, რომელიც თითქოსდა დანაშაულს ამტკიცებს, თუმცა ეს ვიდეომასალა ასევე პრობლემურია და დაუსაბუთებელი, იმიტომ რომ, როგორც ცნობილია, ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ეს ადამიანები საქართველოში იყვნენ და შესაბამისად, საკმაოდ ფართო წრეს ადამიანებისა შეიძლებოდა მათთან კომუნიკაცია ჰქონოდა. მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ თავად მაჩალიკაშვილს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ დრომდე არ აქვს ბრალდებულის სტატუსი, სახელმწიფო კი მის დანაშაულზე ლაპარაკობს ისე, რომ ის ბრალდებულის სტატუსით და დაცვის შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი არ ჰყავს, რაც ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა მიქელაძემ.

მისი განმარტებით, კითხვებს აჩენს თემირლან მაჩალიკაშვილისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების დროულობის საკითხიც.

„ოჯახი უთითებს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ის ჰყავდათ იმ ოთახში. ცხადია, ამ კრიტიკულ მდგომარეობაში დროული სამედიცინო დახმარება იყო აუცილებელი. ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელსაც ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები სახელმწიფოს ვუყენებთ, თუმცა ამ დრომდე დასაბუთებული პასუხები სახელმწიფოსგან არ მიგვიღია“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს