ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული თანამშრომლები კლინიკის დირექტორის კაბინეტში შეიჭრნენ

ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკიდან გათავისუფლებული რამოდენიმე თანამშრომელი კლინიკის დირექტორს ოთარ შენგელიას დაუპირისპირდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ეზოში იყვნენ შეკრებილი, შემდეგ კი დირექტორის კაბინეტში შეიჭრნენ. აქციის მონაწილეები ოთარ შენგელიასგან მათი გათავისუფლების მიზეზის განმარტებას ითხოვდნენ.

შენგელიას თქმით, მათ ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და რამოდენიმე მათგანის სამსახურში აღდგენას სამსახურეობრივი გადაცდომების გამო არ აპირებს.

„სულ ცხრა თანამშრომელზეა საუბარი. ხუთ მათგანს გადაცდომა ჰქონდა, რაც შეეხება ოთხს, მე მათ ვუთხარი, რომ დროებით გავათავისუფლე, რადგან ფინანსური პრობლემები გვაქვს. როგორც კი გამოსწორდება მდგომარეობა, მათ ისევ დავაბრუნებ. კომისიამ შეგვამოწმა და აქ აღმოჩენილი დარღვევების გამო კლინიკა 80 000-მდე ლარით დაჯარიმდა. ლოგიკურია, რომ შეიქმნა ფინანსური პრობლემები“, - განაცხადა შენგელიამ.

აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ მათ არანაირი დარღვევები არ ჰქონიათ და ისე მუშაობდნენ, როგორც მათ ხელმძღვანელი ავალებდა. „11 წელია აქ ვმუშაობთ, არანაირი გადაცდომა და დარღვევა, არც შენიშვნა არ მიგვიღია. ისე ვმუშაობდით, როგორც გვავალებდა ხელმძღვანელი. ახლა ხელმაძღვანელობა შეიცვალა და სამსახურიდან დაგვითხოვეს. ოთხ იანვარს დაგვიბარეს და გვითხრეს, თქვენ ხელშეკრულების ვადა ამოგეწურათ და თავისუფლი ხართო. 11 ადამიანი დაგვტოვეს სამსახურის გარეშე“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ადგილზე ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძეც იმყოფებოდა. წითლიძის თქმით, მას გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა დახმარება სთხოვეს.

„დამირეკეს და დახმარება მთხოვეს. რა მიზეზებსაც დირექტორი მათ ეუბნება, სიცრუეა, რადგან, მათ ძველი კადრები არ სჭირდებათ და მათ ადგილებზე საკუთარი ხალხი მოჰყავთ“, - აღნიშნა წითლიძემ.

გათავისუფლებული თანამშრომლები ბრძოლის გაგრძელებას სამართებლივი გზით აპირებენ.

ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორად ოთარ შენგელია გასული წლის აგვისტოში დაინიშნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აცხადებენ, რომ ყოფილმა უფროსმა თამაზ ჯანაშიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ინფორმაციით, საკადრო ცვლილებას წინ მედიკოსებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს