ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული. მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს წარუდგენს და ასევე სადავოდ გახდის გამოძიების მიერ მოპოვებულ ყველა მტკიცებულებას.

გარდა მტკიცებულებების დასაშვებობისა, სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს. დაცვის მხარე არასრულწლოვნების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის, არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.

რაც შეეხება ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მათი საქმე ძირითად საქმეს გამოეყო და პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე, საგამოძიებო ვადის გაგრძელება მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და საგამოძიებო ორგანოს ვადა ერთი თვით გაუგრძელა. ამასთან, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა