ქართული პრესის მიმოხილვა 09.01.2018

ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?

***

ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ

"ოკუპირებულ აფხაზეთში 2011 წლის მაისში დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავას გათავისუფლებამ სოხუმში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა. აფხაზური საზოგადოების ნაწილი ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 25 დეკემბერს ლუკავას გათავისუფლება მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მოხდა, რასაც დადებით ნაბიჯად აფასებენ. თუმცა მანამდე აფხაზურმა მხარემ უარყო ცნობა, რომ ლუკავა შეიწყალეს. თავად ლუკავა "იმედთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებდა, რომ ის აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ შეიწყალა - "ელოდებიან ქართულ მხარეს. გაცვლა უნდა მოხდეს. ვიღაცას ითხოვენ. ერთი მეომარი ვერ გაიყვანეს და ისეთი გაცვალეს, ვინც საქართველოში შესაშვები არ არის“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ხაჯიმბა შესაძლოა ქართველი პატიმრის გაშვების გამო გადააყენონ / ვინ არის გიორგი ლუკავა, რომლის გათავისუფლებამაც აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია“

"ლუკავა სასჯელს დრანდის ციხეში იხდიდა. ის გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების სასაფლაოზე 2011 წლის 8 მაისს დააკავეს. სეპარატისტები და ოკუპანტები ლუკავას ქართული პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთ მეთაურად მიიჩნევდნენ და 1994 წელს სოფელ თაგილონიდან იმ 14 აფხაზი სამხედროს გატაცებაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც მოგვიანებით ზუგდიდის რაიონში დაიღუპნენ, ასევე - გუდაუთაში მომხდარ მკვლელობებშიც. მას 25 წელი მიუსაჯეს, შემდეგ 20 წლამდე შეუმცირეს, 2015 წლის დეკემბერში კი, ციხის ბუნტში მონაწილეობისთვის უვადო პატიმრობა შეუფარდეს. 2016 წლის მარტში ტყვეთა გაცვლისას ლუკავა ბოლო მომენტში საკანში მიაბრუნეს, მისი გათავისუფლება 2017 წლის იანვრის ბოლოსაც ჩაიშალა. ეს ლუკავას მეორე ტყვეობაა. მისი პირველი 3-წლიანი პატიმრობა 1999 წელს დასრულდა ტყვეთა გაცვლით. 26 ნოემბერს აფხაზურ და ოსურ მხარეებთან თანამშრომლობის შედეგად 18- თვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ცხინვალის ციხიდან სოფელ დისევის მკვიდრი გიორგი გიუნაშვილი გათავისუფლდა, რომელსაც ასევე 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პირი გათავისუფლდა, მათ შორის 2016 წლის მარტში სოხუმისა და ცხინვალის საპატიმროებიდან 14 პატიმარი ოჯახს დაუბრუნდა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ლუკავასთან დაკავშირებით აფხაზების აქციები დღემდე გრძელდება. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ლუკავას საქმე "საკონსტიტუციო სასამართლოს გადასცა. ამასთან, ე.წ. პარლამენტარებმა შექმნეს სპეციალური კომისია, რომელიც ამ საქმეს გამოიძებს. მათ "პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გადადგომის საკითხიც დააყენეს. გარდა ამისა, სპეციალური კომისია ე.წ. პარლამენტში დაუყოვნებლივი ცვლილებების შეტანასაც გეგმავს, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზე სერიოზულ დანაშაულში ბრალდებულთა შეწყალებას შეზღუდავს. რაულ ხაჯიმბამ კი ფაქტით აღშფოთებულ აფხაზებს განუმარტა, რომ ლუკავას გათავისუფლება მისი კოლეგის, სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის თხოვნით მოხდა, რომელსაც ამით ოსი ტყვეების საქართველოდან დახსნაში დაეხმარა.“, - განაგრძობს გამოცემა.

"აფხაზეთის ავტონომიის იუსტიციის ყოფილი მინისტრის პაატა დავითაიას თქმით, ლუკავას პიროვნებას არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ის სეპარატისტების მხრიდან ბრალდებული იყო ტერაქტების მოწყობასთან დაკავშირებით, რაც გასაკვირი არ არის, ისინი ამ მუხლს უყენებენ თითქმის ყველა ქართველს, ვისაც კი დააკავებენ. აქ მნიშვნელოვანია, თუ რა მოჰყვა მის გათავისუფლებას. ყველას ავიწყდება გააკეთოს ანალიზი, თუ როგორი განწყობაა აფხაზ ახალგაზრდებში ქართველების მიმართ. მე ვუყურებდი აფხაზურ ტელევიზიას, სადაც აჩვენებდნენ აქციის მიმდინარეობას ხაჯიმბას წინააღმდეგ და იქ იყვნენ ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც ძალიან აგრესიულად გამოდიოდნენ ქართველების წინააღმდეგ. ესენი იყვნენ ომის შემდგომი თაობა, 90-იან წლებში დაბადებულები ან იმ დროს 8-10 წლის რომ იყვნენ. ეს ცხადყოფს, თუ რაოდენ დაპირისპირებაში არიან ქართული საზოგადოების მიმართ. ლუკავას გათავისუფლება სამართლებრივ ჭრილში კი არ იყო აღქმული, არამედ მთავარი ის იყო, რომ ქართველი გაუშვეს. აქ მეორე მომენტიცაა, ხაჯიმბას წინააღმდეგაა მთელი აფხაზური საზოგადოება. ისინი ეძებენ ნებისმიერ მიზეზს, რომელსაც ხაჯიმბას წინააღმდეგ გამოიყენებენ. მაშინ, როდესაც ხაჯიმბას საარჩევნო კამპანია აწყობილი იყო ქართველების სიძულვილზე და ანქვაბის წინააღმდეგ, მისი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ის ლოიალურია ქართველების მიმართ, ახლა კი უცებ ხაჯიმბა იწყალებს ქართველს. რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებდა აფხაზური ე.წ. ოპოზიცია და დაიწყეს კიდეც მოქმედება, “ - წერს სტატიის ავტორი.

რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?

"როგორც ჩანს, პროკურატურამ ვერ ან არ შეძლო გირგვლიანის საქმეში ყოფილი პრეზიდენტის მხილება იმ კონკრეტულ დანაშაულში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოც კი თითქმის პირდაპირ მიუთითებდა“, - ასეთ შეფასებას აკეთებს "შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, საკუთარი პოლიტიკურ-სამსახურეობრივი მომავლის გადასარჩენად "პროკურატურამ ნეიროქირურგიის ლაზერით ჩასატარებელი ოპერაციისთვის ნაჯახი მოიმარჯვა - მიმართა "ყოვლისშემძლე“ 332-ე მუხლს და "მოკვარახჭინებული "საქმე სასამართლოს გადაულოცა“, - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი“ კითხვით, - რამდენად სამართლიანია მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?

"ეს იყო ისეთი ნაციონალური ტრაგედია, რომ აქ სამართლიანობაზე საუბარი არ შეიძლება. თუ როდესმე უსამართლობა ხდებოდა, ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების დროს. თუმცა, მე ისიც მიკვირს, დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი რატომ შეფუთა ასე სუსტად, რატომ არ გაახსენდათ მოლაშვილის და ძალიან ბევრი სხვა საქმე... ვფიქრობ, ეს იყო ე.წ. კოჰაბიტაციის შედეგი. სამწუხაროდ, ცუდად შეფუთული და დაგვიანებული პროცესია, თორემ რა თქმა უნდა, მან ყველაფერზე უნდა აგოს პასუხი. იურიდიული კუთხით კი, ყველაფერი გაცილებით დამაჯერებლად უნდა ყოფილიყო გაკეთებული“, - აღნიშნავს არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე

"როგორც ადამიანი, ძალიან მენანება, მაგრამ ჩადენილი დანაშაულისთვის განაჩენი ძალიან მეცოტავება. მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღეს, რაც პროკურატურამ მოიძია, თორემ ალბათ დანაშაული კიდევ უფრო მეტია“, - აცხადებს მუსიკათმცოდნე ნუცა ჯანელიძე

"ვფიქრობ, სამართლიანობა და მორალი აუცილებლად ერთად უნდა იყოს განხილული და როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის დავალებით კაცს კლავენ სასაფლაოზე, ტოვებენ შიშველს და მერე ამ 4 კაცს პრეზიდენტი იწყალებს, არც სამართლიანია და არც მორალური. მომავალმა პრეზიდენტებმაც უნდა იცოდნენ, რომ ეს არ ჩაიდინონ. იურისტი არ ვარ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ და ვერაფრით წარმომიდგენია, რანაირად შეიძლება შეიწყალო ის ხალხი, ვინც ბიჭს წამებით ამოხადა სული“, - დასძენს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა