ნინო ჯანგირაშვილი - ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე ვეტო არ არის მხოლოდ პრეზიდენტის შენიშვნები, ეს არის მედიის და არასამთავრობო სექტორის შენიშვნები

ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის შენიშვნები, ეს არის მედიის, არასამთავრობო სექტორის და საღი აზრის შემცველი შენიშვნები, უმრავლესობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც არ უჭერენ მხარს ამ კანონს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა.

ჯანგირაშვილი გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების პროექტს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ჟურნალისტი ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებას მიესალმება.

”პირველ რიგში მივესალმები იმას, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო და პრობლემის არსი ბოლომდე გაიაზრა. მეორე რიგში მე არ მინდა, რომ პარლამენტი ამას მიუდგეს, როგორც კონფრონტაციის საბაბს და ამ საკითხს შეხედოს ისე - ვინ ვის მოერევა. ამ ყველაფრის უკან მედიის და ქართული დემოკრატიის ინტერესები დგას. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გამოიყენებს ამ შანსს და გამოიყენებს ამ საკითხს კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ საკითხს კიდევ ერთხელ გადახედოს. მით უმეტეს, რომ საკითხის განხილვისას წამყვანმა კომიტეტმა, რომელშიც ”ქართულ ოცნებას” ჰქონდა უმრავლესობა, დაიწუნა ეს კანონპროექტი და პრეზიდენტს არაფერი უთქვამს იმის მეტი, რაც ამ კომიტეტმა თავის დასკვნაში თქვა. ანუ ”ქართული ოცნების” დიდი ნაწილი არ ემხრობოდა ამ კანონს. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაიზიარებს ამ შენიშვნებს. როგორც იცით, მედიის დიდი ნაწილი, პრაქტიკულად საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს, მათ შორის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიც ეწინაღმდეგებოდა ამ ცვლილებებს. ჩვენ ვეცდებით, პარლამენტი დავარწმუნოთ, რომ გაიზიაროს ეს ვეტო. ეს არ არის რეალურად მხოლოდ პრეზიდენტის შენიშვნები, ეს არის მედიის შენიშვნები, ეს არის არასამთავრობო სექტორის საღი აზრის შემცველი შენიშვნები. უმრავლესობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც არ უჭერენ მხარს ამ კანონს”, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის ცვლილებების მოწინააღმდეგეები შეეცდებიან დარჩენილ დროში უმრავლესობა დაარწმუნონ, რომ ცვლილებები ამ სახით არ უნდა იქნას მიღებული.

”ჩვენ ვაპირებთ ერთობლივი განცხადების გავრცელებას უახლოეს დღეებში. გვინდა ინდივიდუალურადაც, ჯგუფურადაც დაველაპარაკოთ მათ, შევხვდეთ, ვთხოვოთ შეხვედრა უმრავლესობის წევრებთან. გვინდა მათ ვთხოვოთ, რომ მოგვისმინონ, რათა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კარგი იქნება მედიისთვის. ამ გადაწყვეტილებით სინამდვილეში საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ზარალდება. შესაძლებელია უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ყველასთვის იქნება ნორმალური, შევეცდებით ამაში დეპუტატები დავარწმუნოთ”, - განაცხადა ჯანგირაშვილმა.

პრეზიდენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. მან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან მიმართებაში ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, პრეზიდენტის ძირითადი შენიშვნები ეხება ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას და მეორე მხრივ, შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა