მაჟორიტარებს იმდენად აქტიური საარჩევნო კამპანია ჰქონდათ, რომ ყველა ოლქი თავის მაჟორიტარს უნდა იცნობდეს, - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი ეკა ბესელია NDI-ის კვლევას, რომლის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი.
“მე მაინც მგონია, რომ ეს პირობითია და ასეთ ციფრებს პირობითად ვუყურებ. მგონია, რომ მაჟორიტარები არიან საკმაოდ აქტიურები და საკუთარ ამომრჩეველთან კიდევ უფრო თუ გააქტიურდებიან, ბუნებრივია, ეს უკეთესი იქნებოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
კითხვაზე, ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, გამოკითხულთა 26%- მა სწორი პასუხი გასცა, 14%-მა არასწორი, ხოლო 59%-მა - არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 298 პირი გამოიკითხა.